ლომჯარია: ევროსაბჭოს სტანდარტებით სრული გაშიშვლება იკრძალება - მოქალაქეებმა სხეულის ალტერნატიული შემოწმება უნდა მოითხოვონ

სამოქალაქო აქტივისტების შემზარავი განცხადებების შემდეგ, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საზოგადოებას აფრთხილებს.
ნინო ლომჯარია "პირველებთან" ამბობს, რომ სხეულის სრული გაშიშვლება ევროსაბჭოს სტანდარტებით იკრძალება, სწორედ ამიტომ მოქალაქეებს აქვთ უფლება, სხეულის ალტერნატიული შემოწმება მოითხოვონ.
ევროსაბჭოს სტანდარტებით სხეულის სრული გაშიშვლება და სხვადასხვა მოქმედებების, დავალების შესრულება ქალის მიმართ უტოლდება ღირსების შემლახავ მოპყრობას და არის აკრძალული. ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის აკრძალული ქმედება და უნდა მოითხოვონ სხეულის ალტერნატიული შემოწმება, იგივე დეტექტორის მეშვეობით", - ამბობს ნინო ლომჯარია.
სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია კი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლსასროლ იარაღს, ან დანას ეძებენ, გაშიშვლება არ არის აუცილებელი, რადგან მოცემული ნივთების პოვნა ხელითაც შესაძლებელია.
"თუ ეს ხდებოდა ღირსების შელახვის მიზნით, აქ შეიძლება დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთოს" - აღნიშნავს ლონდა თოლორაია.
მნიშვნელოვანია, რა ნივთს ეძებენ. თუკი ცეცხლსასროლ იარაღს, დანას ეძებს ამისთვის გაშიშვლება არ იყოს აუცილებელი, რადგან ხელითაც შესაძლებელია ამისი პოვნა. საყურადღებო ფაქტია, რომ ამაზე საუბარი სხვებმაც დაიწყეს. თუ ამას სისტემური ხასიათი აქვს, არის პატივისა და ღირსების შემლახველი. თუ ეს ხდებოდა ღირსების შელახვის მიზნით, აქ შეიძლება დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთოს", - ამბობს ლონდა თოლორაია.
ცნობისთვის, „დაიტოვეს” ჯგუფის წევრმა, ნენსი ვოლანდიმ 1 თებერვალს მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დეტალებზე გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და შემზარავი დეტალები მოყვა. სამოქალაქო აქტივისტმა განაცხადა, რომ ქალმა პოლიციელებმა მას სრულად გაშიშვლება და ისეთი მოძრაობების გაკეთება მოსთხოვეს, რომელიც მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.
ერთი ქალის დარღვეული დუმილი სხვებისთვის გადამდები აღმოჩნდა - "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ, "პირველებმა" ჩაწერა სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ირწმუნება, რომ იზოლატორში გაშიშვლება აიძულეს და ასეთი ფორმით გაჩხრიკეს.