ფაილების გაშიფვრისას არ დამრჩა განცდა, რომ ჩანაწერი გახარიას დროს გაკეთდა - ნოდარ მელაძე

15.09.21 19:26
ფაილების გაშიფვრისას არ დამრჩა განცდა, რომ ჩანაწერი გახარიას დროს გაკეთდა - ნოდარ მელაძე

 პროკურატურაში ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გამოკითხვა დასრულდა. ნოდარ მელაძემ უწყება უკვე დატოვა. მისი განცხადებით, სამართალდამცველებმა  საიდუმლო ფაილების მიწოდება თხოვეს, რადგან მათი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი არ გააჩნდათ.

ნოდარ მელაძე არ ეთანხმება პრემიერის განცხადებას, სადაც ღარიბაშვილმა უკანონო მოსმენებსა და გავრცელებაში გახარია და მისი გუნდი დაადანაშაულა.

გამოძიებას აინტერესებდა, ვინ გაავრცელა და არა ის ფაქტი, ვინ ჩაწერა, დაინტერესდნენ, რა ფორმით მივიღეთ ბმული, თუ შეგვიძლია, წარვუდგინოთ მიმოწერა, რაც შედგა ტვ პირველის ფეისბუქგვერდსა და გამომგზავნს შორის. აინტერესებდათ, რა წავიკითხეთ გამოგზავნილ მასალაში. მოითხოვეს მისი მოწოდება, რადგან თავად არ გააჩნდათ.

განვუცხადე, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული, რომ მოსმენებზე მუშაობდა ადამიანების ჯგუფი, რომელიც შედეგზე შემდგომ უფროსს უპატაკებდა. იქ შიდა ჩატში მიმოწერაც არის, ,,დროზე ქენი, კონტრდაზვერვამ დაგვასწროო და უფროსები გვისაყვედურებენო, რომ დროზე ვერ მივაწოდეთო ინფორმაცია". ანუ მოსმენის საკითხზე დეპარტამენტები კონკურენციის რეჟიმში იმყოფებოდნენ, ვინ პირველი მოასწრებს და გაშიფრავს.

ან ჩანაწერებში, რომელიც არის ღია წვდომაზე, ოპერატიულ-ტექნიკური თანამშრომლების სია არის ატვირთული, ჩატი იძლევა 9 ადამიანის იდენტიფიცირების საშუალებას, რომლებიც ამ მასალების შეგროვებაზე მუშაობდნენ. ამიტომ პირველი დაკითხვაზე მე კი არა, ის პირები უნდა დაებარებინათ. რა სამართლებრივი განჩინების საფუძველზე ახდენდნენ მღვდლების ჩაწერას? ასეთი განჩინება ბუნებაში არ არსებობს. ანუ ამ ადამიანებმა, სუსი-ს თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ჩადიოდნენ უკანონო ქმედებას, გახდნენ დანაშაულის მონაწილე. შექმნეს სიტემური დანაშაულის პრეცენდენტი. პირველი ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაკითხვაზე.

ხელისუფლების დღევანდელი განცხადება, თითქოს უკანონო ჩაწერაში შესაძლოა, გახარიას, ან მისი გუნდის წევრის კვალი იკვეთებოდეს, მასალებში ასეთი განცდა არ რჩება, რადგან ამ მასალებში არის ფაილი, სადაც ასახულია, ხოჯევანიშვილს როგორ უსმენდნენ, გამოდის რომ ერთი ძმა მეორეს უსმენდა? მეორე, ჩანაწერების ნაწილი ეხება იმ პერიოდს, როცა გახარია პრემიერი არ იყო - განაცხადა ნოდარ მელაძემ.