სკანდალური ფაილები - ჟურნალისტები გამოკითხვაზე დაიბარეს

16.09.21 11:39
სკანდალური ფაილები - ჟურნალისტები გამოკითხვაზე დაიბარეს

სკანდალური ფაილების მედიაში გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტები პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვები გუშინ დაიწყო და ტვ ,,პირველის' საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე გამოიკითხა. დღეს იკითხებიან "ფორმულას" ჟურნალისტები, ქეთი ნადიბაიძე, მარტა ქურასბედიანი და ამავე არხის წამყვანი, მიშა მშვილდაძე. ქეთი ნადიბაიძე ამბობს, რომ ის მოწმის სახით დაიბარეს. 

დაბარებული ვარ ამ მასალებთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით ასე განმიმარტეს, დეტალებზე არ ულაპარაკიათ, სავარაუდოდ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბოლო 3 დღეა, რაც ეს მასალები გასაჯაროვდა და ვაშუქებ ამ თემას და ვეცნობი ამ მასალებს, ვფილტრავთ და ვაწვდით საზოგადოებას, სავარაუდოდ ამას უკავშირდება ჩემი დაბარება, სატელეფონო კომუნიკაციის დროსაც დააზუსტეს, მე ვაშუქებდი თუ არა ამ თემას "ფორმულადან", - თქვა ქეთი ნადიბაიძემ.

ჟურნალისტების ინტერესებს ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) იცავს. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, ჟურნალისტები შეკითხვებს თავიანთი საქმიანობის ფარგლებში უპასუხებენ.

გვაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურას ექნება კითხვები ამ ინფორმაციის გამავრცელებელ წყაროსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებს, ვინც დღეს არიან დაბარებული იმ ფარგლებში, შეუძლიათ ინფორმაციის მიწოდება, რა ფარგლებშიც ეს ინფორმაცია დაამუშავეს.  ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა კითხვას გავცემთ პასუხს, რომელიც ამ საქმიანობის ფარგლებში იქნება მიმართული", - თქვა ედუარდ მარიკაშვილმა.