"სიმართლე არის ხალხში" - ონისე ცხადაძის ინტერვიუ "პირველებთან"
გლდანის ციხეში გამოკეტილი ონისე ცხადაძე "პირველებს" ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს - სინდისის პატიმარი მხარდამჭერებს თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სიმართლე არა ივანიშვილის რეჟიმისკენ, არამედ ხალხშია.
იუმორისტი, რომელიც 5 დეკემბერს, თერჯოლაში დააკავეს, დარწმუნებულია, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ორ დღეში არ დასრულდება, თუმცა უკანონოდ დაკავებულს სჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც სიმართლე ბოროტებაზე გაიმარჯვებს.
როგორც კი შემოვედი ამ ციხეში, თანამშრომლებმაც ის მითხრეს, რომ ვინც დასაჭერია, იმას არ იჭერენო. ეჭვი არ შეეპაროს არავის, რომ სიმართლე არის ხალხში და არა სიტყვაზე ირაკლი კობახიძეში. "ხარება" აქ არავის არ უყვარს, შეუძლებელია გიყვარდეს. თავის ხალხს დაერევიან, პირველ რიგში. მაგაში ვარ დარწმუნებული.
მგონია, რომ ორივე მხარე ჩიხში ვართ შესული და ეს ასე არ დამთავრდება. საბოლოო ჯამში, ხალხი ერთ მხარეს დადგება და მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი დარჩება მარტო. მაქვს მოლოდინი, რომ მალე ძალიან მაგრად იქნება ყველაფერი.
ჩემს პირად მაყურებელს ვეტყოდი, რომ მალე გამოვალ და მალე გავაგრძელებ იმის კეთებას, რაც ჩემში მოსწონთ. ჩემთვის მისაბაძია მზია ამაღლობელის ნაბიჯები, როგორც წირავს თავის ჯანმრთელობას. მზია ამაღლობელმა თქვა მაგარი სიტყვები - იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. მეც იმავეს გავიმეორებ.
ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. გვინდა, რომ სწრაფად მოხდეს რაღაცები. ასე არ ხდება. არ შეიძლება ორ დღეში მოხდეს ყველაფერი. დადგება დრო, როდესაც ამ ბრძოლას არავინ არაფერს არ დააკლებს. ყველა სიმართლის მხარეს დადგება". - განაცხადა ონისე ცხადაძემ.
შეგახსენებთ, რომ ონისე ცხადაძე 5 დეკემბერს, თერჯოლაში დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. იუმორისტს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.