"გახარია საქართველოსთვის" ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს

15.02.25 12:20
"გახარია საქართველოსთვის" ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს

პარტია "გახარია საქართველოსთვის" რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ.

ყოფილი პრემიერის გუნდი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ, მით უფრო მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსს ცვლის რუსეთის სასარგებლოდ და ახდენს საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას კონსტიტუციის დარღვევით და ხალხის წინააღმდეგობის ფონზე.

ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის - ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს უკანონო საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.­ მათივე ცნობით, ე.წ. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და "ხმის მიცემა" 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 152 "საარჩევნო უბანია" გახსნილი. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის გარდა ე.წ. არჩევნები რუსეთის ორ ქალაქში, მოსკოვსა და ჩერკესკშიც ტარდება. ე.წ. საარჩევნო უბანი თურქეთის ქალაქ საქარიაშიც უნდა გახსნილიყო, თუმცა "არჩევნების" წინა დღეს დაიხურა.

"პრეზიდენტობისთვის" ხუთი "კანდიდატი" იბრძვის: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.

 შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.