მთელ ქვეყანაში დიდი სამზადისია - საქართველო რუსული დიქტატურის წინააღმდეგ ერთიანდება

15.02.25 13:00
მთელ ქვეყანაში დიდი სამზადისია - საქართველო რუსული დიქტატურის წინააღმდეგ ერთიანდება

მთელ ქვეყანაში დიდი სამზადისია - საქართველო რუსული დიქტატურის წინააღმდეგ ერთიანდება. ზუსტად 18:00 საათზე, თბილისის ევროპის მოედანზე რეჟიმის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან.  

საპროტესტო აქციებია დაანონსებული რეგიონებშიც. ხალხი რუსული სტილის რეპრესიებს გმობს, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. დღეს საქართველოს რიგით მოქალაქეებს გადაწყვეტილი აქვთ საკუთარი ხმა გააგონონ მთელ მსოფლიოს და ციხის საკნებში გამოკეტილ სინდისის პატიმრებს.

პროტესტის რეჟიმში გადასულ ადამიანებთან ერთად უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებიც იდგებიან. სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამას მიაჩნია, რომ პროტესტი ერთადერთი გამოსავალია, რომელიც ქვეყნის სიყვარულისთვის დასჯილ მოქალაქეებს საპყრობილიდან დაიხსნის. 

პატიმრების სოლიდარობა არის უმნიშვნელოვანესი. ეს ადამიანები ციხიდან უყურებენ გარეთ. პროტესტი ქუჩაში არის ერთადერთი გამოსავალი მათი ციხიდან დახსნის. ნიჰილიზმი რომ არ შეეპაროთ და არ იფიქრონ, რომ საზოგადოების მხრიდან არიან მიტოვებულები, აუცილებელია, ბევრი ადამიანი ჩანდეს ქუჩაში", - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა. 

დღევანდელ ფართომასშტაბიან აქციაზე რიგითი მოქალაქეების გარდა, იურისტებსაც შეხვდებით. საბა ბრაჭველი "პირველებთან" ამბობს, რომ მიუხედავად ცივილური სამყაროს დახმარებისა, საქართველოს ბედი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. 

ეს არის ყველაზე გრძელი და გამძლე სამოქალაქო პროტესტი, რაც ამ ქვეყანას საერთოდ ოდესმე უნახავს. პერიოდულად ჩნდება მაინც იმის საჭიროება, რომ დავინახოთ რამდენი ვართ და ამ ფინანსურმა სანქციებმა, თუ პოლიციის ძალადობამ არ გაგვტეხა. ყველას შეგვიძლია გამოვიდეთ ევროპის მოედანზე სიმბოლურად, იმიტომ რომ ევროპა მხარში გვიდგას, გვეხმარება ყველანაირად, ქართველი ხალხის მხარეს არის, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავის პატრონები ჩვენ ვართ. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დახსნა იმ ადამიანების, ვინც ახლა ციხეში არიან", - ამბობ საბა ბრაჭველი.