როგავა: დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, არაფერი გაუკეთებიათ - გადმომცეს დიდი ტომეული, რომელიც უშინაარსოა

15.02.25 13:30
როგავა: დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, არაფერი გაუკეთებიათ - გადმომცეს დიდი ტომეული, რომელიც უშინაარსოა

ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც  პროევროპულ აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად გაუსწორდნენ, შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირების მოხდენას კვლავ ელოდება. 

როგორც ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი აცხადებს, კარლო კაციტაძის უწყებას ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია, გარდა მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა. 

"ძლიერი კედელი, რასაც ვერ ანგრევს ჯერ-ჯერობით ივანიშვილი, არის მედია და ამიტომ ვართ ჩვენ სამიზნე ცილისწამების, პირდაპირი თავდასხმის" - ამბობს როგავა.

ძლიერი კედელი, რასაც ვერ ანგრევს ჯერჯერობით ივანიშვილი, არის მედია და ამიტომ ვართ ჩვენ განსაკუთრებული სამიზნე ცილის წამების, პირდაპირი თავდასხმის სამიზნეც. დაზარალებულის სტატუსები მოგვანიჭეს ფორმალურად და ეს არის ჩვენთვის რაღაც დიდი მიღწევა, ასე გვიფუთავენ ამ ამბავს. გამოძიება ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ რომ არაფერს აკეთებს, ამაზე არავინ საუბრობს. საქმის მასალები რომ გადმომცეს, ძალიან მძიმე, მასიური, დიდი ტომეულია და რეალურად შეხედავ და იფიქრებ, რომ რამდენი უშრომიათო, მაგრამ მაკულატურაა. უშინაარსოა, შიგნით არის უაზრო ჩანაწერები, რომელიც არაფერს გვეუბნება. იმიტაციას ქმნიან, რომ ამ ქვეყანაში ვითომ გამოძიება მიმდინარეობს", - ამბობს გურამ როგავა. 

შეგახსენებთ, "ფორმულას" ჟურნალისტს, გურამ როგავას აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ნიღბიანი სპეცრაზმელი თავს დაესხა - შედეგად მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა. მოტეხილი ჰქონდა სახის ძვლები და კისრის მალა. მის საქმეზე შესაბამის უწყებებს არავინ დაუკავებიათ. კარლო კაციტაძის უწყება კი დუმს.