უკრაინის საგარეო: მკაცრად ვგმობთ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

15.02.25 13:24
უკრაინის საგარეო: მკაცრად ვგმობთ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას არ აღიარებს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, უკრაინა არჩევნებს განიხილავს "როგორც ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემურ მცდელობას“. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2025 წლის 15 თებერვალს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე (საქართველო), ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას.

უკრაინა არ აღიარებს ამ ყალბ „არჩევნებს“ და მას განიხილავს როგორც ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემურ მცდელობას.

მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, კერძოდ, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმების მკაცრ დაცვას, შეუძლია ხელი შეუშალოს მოსკოვის აგრესიულ გეგმებს აღადგინოს იმპერია სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე ომებისა და ეთნიკური წმენდის გზით.

უკრაინა განუხრელად უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის (საქართველო) და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო), ე.წ. დამოუკიდებლობას.

რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები , ხოლო რუს სამხედრო დამნაშავეებს უნდა დაეკისრონ უმკაცრესი პასუხისმგებლობა თავიანთ დანაშაულებზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.­ მათივე ცნობით, ე.წ. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და "ხმის მიცემა" 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 152 "საარჩევნო უბანია" გახსნილი. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის გარდა ე.წ. არჩევნები რუსეთის ორ ქალაქში, მოსკოვსა და ჩერკესკშიც ტარდება. ე.წ. საარჩევნო უბანი თურქეთის ქალაქ საქარიაშიც უნდა გახსნილიყო, თუმცა "არჩევნების" წინა დღეს დაიხურა.

"პრეზიდენტობისთვის" ხუთი "კანდიდატი" იბრძვის: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.

 შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.