"დღე და ღამე არის არეული სინდისის პატიმრებზე დარდით" - ანა ტყებუჩავა

15.02.25 15:49
"დღე და ღამე არის არეული სინდისის პატიმრებზე დარდით" - ანა ტყებუჩავა

მსახიობი ანა ტყებუჩავა, რომელსაც შსს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, მოქალაქეებს დღეს დაგეგმილ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. 

ხელოვანის შეფასებით, დღეს ქუჩაში დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმით ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი მოქალაქეები გისოსებს მიღმა უკანონოდ გამოკეტილ პატიმრებს გაამხნევებენ და სოლიდარობას გამოუცხადებენ. 

ძალიან რთულ რაღაცას ვართ შეჭიდებული. ეს არ არის მარტივი და ეს არ არის ორი და სამი დღის ამბავი. დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია. წერილების შეგზავნა მოხდება ჩვენი პატიმრებისთვის. ჩვენ გვახსოვს ისინი. დღე და ღამე არის არეული ამ ადამიანებზე დარდით და ამ ადამიანებზე ფიქრით", - ამბობს ანა ტყებუჩავა.

15 თებერვალი საქართველოში დიდი პროტესტის დღეა - რუსული დიქტატურის წინააღმდეგ თბილისში, 18:00 საათზე, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციაა დაანონსებული. უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს ხალხი გეგმავს, საკუთარი ძალა შუშის სასახლეების მოყვარულ ოლიგარქს და მის არაღიარებულ მთავრობას დაანახოს. პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეები შეკრებას ევროპის მოედანზე დაიწყებენ და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.