"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - კლინიკა "ვივამედთან" სოლიდარობის აქცია იმართება
"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - ამ წუთებში კლინიკა "ვივამედთან" საპატიმროში გამოკეტილი ჟურნალისტისთვის სოლიდარობის აქცია იმართება. გამოცემა "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის გასამხნევებლად ადგილზე სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი იმყოფება.
"არ შევწყვეტთ ბრძოლას, რომელიც მზიას გათავისუფლების მოთხოვნით დავიწყებთ"- ამბობენ პროტესტის მონაწილე მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ჟურნალისტს საკვები დანამატების მიღებისკენ მოუწოდებენ.
არ ვიცი, მზიას რამდენად აქვს გააზრებული, რა ძალა შეიძინა მან დღეს საზოგადოებისთვის. ვინც მას ვიცნობთ, ეჭვიც არ გვეპარებოდა მის სიმტკიცეში, მაგრამ ის დღეს გაიცნო უფრო მეტმა ადამიანმა. ამ ადამიანებისთვის ის გახდა ბრძოლის სიმბოლო. მზია შენ ხარ შთაგონების წყარო ბევრი ადამიანისთვის. მინდა გითხრა, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გვჭირდება გამარჯვება. ეს გამარჯვება შენ გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ ჩვენ გვჭირდები შენ, შენი სიმტკიცით, გაუტეხლობით. თუ შენ ამბობ, რომ გინდა, დაესწრო მარტის სასამართლო პროცესს, ამ მდგომარეობაში იქ მისვლა ძალიან გაგიჭირდება. ჩემი თხოვნა შენ მიმართ იქნება, რომ იმისთვის, რომ იქ მისვლა წელგამართულად, ამაყმა, ფიზიკურად ძლიერმა შეძლო, აუცილებელია, რომ ექიმების ზედამხედველობის ქვეშ კვებითი დანამატები მიიღო", - განაცხადა ხატია ჯინჯიხაძემ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ადვოკატები სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 35-ე დღეა შიმშილობს.