მსახიობი სანდრო კაკულია 5 000 ლარით დააჯარიმეს
პროტესტის გაჩერებას ივანიშვილის რეჟიმი ფინანსური ტერორით ცდილობს - მსახიობ გიორგი გრძელიძის შემდეგ, ხელოვანი სანდრო კაკულია დააჯარიმეს.
ფოსტალიონებად ქცეულმა პოლიციელებმა მსახიობს, თავდაპირველად, ვერაზე მდებარე იმ სახლში მიაკითხეს, სადაც არასდროს უცხოვრია, შემდეგ კი სანდრო კაკულიას დედის საცხოვრებელთან მივიდნენ და ხელოვანს 5 000-ლარიანი ფინანსური სანქცია დააკისრეს.
როგორც სანდრო კაკულია "პირველებთან" ამბობს, ვახო გომელაურის უწყება გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, თუმცა კონკრეტულად რომელ დღეს, წარმოდგენა არ აქვს - "ოქმში არაფერი ჩანს, არაფერი არ იკითხება. ერთადერთი, რაც ნათლად ჩანს, არის 5 000 ლარი".
ერთი ცალი ეს ფარატინა ფურცელი რომ მიეტანათ, 5 და 6 პოლიციელი მოცდა ამისთვის. ერთი რაზმი ამ პოლიციების მისული იყო ჯერ ვერაზე, საერთოდ სხვა უბანში. იმ სახლში, სადაც საერთოდ არც მიცხოვრია არასდროს და მეზობელმა დარეკა, იმიტომ რომ ჩემს სახელ და გვარს ამბობდნენ და დარბოდნენ ამ სადარბაზოში. მერე წავიდნენ დედაჩემის სახლში. წარმოდგენა არ მაქვს, რომელ დღეს მედავებიან. ოქმში არაფერი ჩანს, არაფერი არ იკითხება. ერთადერთი, რაც ნათლად ჩანს, არის 5 000 ლარი". - ამბობს სანდრო კაკულია.