"დავითის შეშინება გადაწყვიტეს" - აქტივისტზე თავდასხმას ახალგაზრდის დედა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს
ჩასაფრება სამოქალაქო აქტივისტის სახლთან - ნიღბიანების მიერ დავით ფუტურიძეზე განხორციელებულ თავდასხმას ახალგაზრდის დედა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
"ქართული ოცნების" წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილე დავით ფუტურიძის მშობელს მიაჩნია, რომ ახალგაზრდას ე.წ. ტიტუშკები სწორედ ივანიშვილის რეჟიმის მსახურებმა მიუგზავნეს, რათა კრიტიკული ხმა ჩაეხშოთ და დაეშინებინათ.
ერთადერთი ვერსია არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რაც დაიწყო დაახლოებით ერთი კვირის წინ მეტროში გაკეთებულ წარწერებთან დაკავშირებით. ქუჩიდან მოიტაცეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, პირდაპირი მნიშვნელობით მოიტაცეს. წინასწარი გაფრთხილების, განყოფილებაში გამოძახებისა და ოფიციალურად სამართლებრივი პროცედურების გარეშე მოხდა ეს ყველაფერი.
6 საათის განმავლობაში ადამიანი არ იძებნებოდა, ცნობილი ფაქტია ეს. ამ ყველაფრის ფონზე დავითმა მისამართი შეიცვალა და 3-4 მა ადამიანმა იცის მისი ადგილსამყოფლის შესახებ. რა თქმა უნდა, უთვალთვალებდნენ, რადგან ვერ მოედავა პოლიცია სამართლებრივად, იგივე ხალხმა გადაწყვიტა დავითის შეშინება. სხვა მიზანი არ არსებობს.
აბსოლუტურად ნორმალური და წესიერი ცხოვრებით ცხოვრობს დავითი. არ აქვს საქმე არანაირ კრიმინალურ სამყაროს წევრებთან და სხვა მიზეზი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, აქციების აქტიური მონაწილეა, ისევე როგორც მე და ჩემი მეგობრებიც ეს იყო მიზეზი. აქვს მძიმე დაზიანებები სხეულისა და თავის არეში. პერიმეტრზე არის სათვალთვალო კამერები, თუმცა გამოძიების იმედი არ მაქვს. ამ ამბავს ბოლომდე მივიყვან და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დასჯილი იყვნენ ის პირები, ვინც ჩაიდინა ეს ქმედება", - ამბობს დავით ფუთურიძის დედა.
ცნობისთვის, ნიღბიანები სახლთან ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ დავით ფუთურიძეს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში აქტიურად იღებს მონაწილეობას.
ახალგაზრდას, რომელსაც ცემის კვალი სხეულისა და სახის არეში ეტყობა, საცხოვრებელ ბინასთან 4 ე.წ. ტიტუშკა დახვდა. აქედან სამი ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ერთი ნიღბიანი მერსედესის მარკის ავტომობილში იჯდა. თავდასხმის შემდეგ, მოგზავნილმა პირებმა ტერიტორია სწორედ მოცემული მანქანით დატოვეს.