სანამ ყველა ყველაფერს არ გაიგებს, ქუჩაში იქამდე ვიდგებით - დათა თავაძე
ევროპის მოედნიდან დაწყებულ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობას რიგითი ადამიანების გარდა, ხელოვანებიც იღებენ - ადგილზე რეჟისორი დათა თავაძე იმყოფება, რომელიც ამბობს, რომ ქართველი ხალხი ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, სანამ მთავარი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება.
ეს 80 დღე აჩვენებს იმას, რომ ჩვენ არ გავჩერდებით. კიდევ 80 დღე რომ იყოს საჭირო, ვიდგებით. კიდევ ძალიან დიდხანს ვიდგებით, სანამ ყველა ყველაფერს არ გაიგებს. დღეს არის 70-ე დღე, რაც ქართული თეატრის უდიდესი ნაწილი გაფიცულია. ორი თარიღი გვაქვს ჩვენ. პროფესიული, სადაც უპრეცედენტო გაფიცვა მოხდა. მსახიობები იქნებიან, რომლებიც პატიმრების წერილებს წაიკითხავენ დღეს." - განაცხადა დათა თავაძემ.
"არა რუსულ დიქტატურას" - ამ ლოზუნგის გარშემო თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. დიდი სახალხო დემონსტრაცია, სადაც სინდისისი პატიმრების წერილები გასაჯაროვდება, თავისუფლების მოედანზე გაგრძელდება და პარლამენტთან დასრულდება. მოპარული არჩევნების და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად ქუჩაში გამოდის აბსოლუტურად ყველა, ვისთვისაც ქვეყნის საგარეო კურსი მნიშვნელოვანია.