ვაჟა სირაძე ამტკიცებს, რომ სამხრე კამერების ჩართვა პოლიციელების "კეთილი ნებაა"
საკრებულოს შენობასთან თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, სანქცირებული ვაჟა სირაძე იმყოფება - ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის შეფის მოადგილე, სერგი ბზიშვილი და კიდევ სხვა მაღალჩინოსნებიც.
ჩეხეთის მიერ სანქცირებულ ვაჟა სირაძეს ამჯერად მშვიდობიან დემონსტრანტებთან კონტაქტი არ ჰქონია, იგი ფართომასშტაბიან მსვლელობას ავტომობილიდან აკვირდება.
"შაბათის ეთერის" გუნდმა თბილისის საპატრულო პოლიციის შეფთან გასაუბრება შეძლო. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ სირაძე ამტკიცებს, რომ ევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომელთაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან, შსს-ს სასამართლოში "კამერების ჩანაწერები მტკიცებულებების სახით მიაქვს".
- არადა, ცნობილი რეპერის, "ლექსენის" წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ვიდეომტკიცებულებები საერთოდ არ არსებობს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ის მაინც დააჯარიმა.
სირაძემ "თბილისი მოლთან" მოქალაქეების დაკავებისა და შემდეგ დაჯარიმების შესახებაც პირველად ისაუბრა:
კანონით არის დარეგულირებული აქცია, აქციის ჩატარების წესი, შეკრებისა და მანიფესტაციის წესი და მათ შორის, შეკრებისა და მანიფესტაციის პერიოდში გზის გადაკეტვის შესაბამისი სამართლებრივი რეგულაცია. დღეს ჩვენ მივედით ხალხთან.
ორ თებერვალს, მივედით აქციის ორგანიზატორებთან. ვუთხარით, რომ დავეხმარებოდით მათ. შევთანხმდით, რომ ისინი გზის მეორე მხარეს გადავიდოდნენ და შესაბამისად, ჩვენ პოლიციელებმა გადავუკეთეთ საგზაო მოძრაობა, რა დროსაც გარკვეულმა პირებმა შეგნებულად გააჩერა ხალხი და განზრახ გადაკეტა სავალი გზა. შესაბამისად, იდენტიფიცირებული იქნა პირები და მივიღეთ სამართლებრივი ნორმები.
სასამართლო მტკიცებულების გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ჩვენ წარდგენილი გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, როდესაც უშუალოდ პირი ჯარიმდება გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით, უბრალოდ პოლიციელის სიტყვიერი ნათქვამის გამო არ ჯარიმდება, გვაქვს კადრები. კამერები არის მტკიცებულების სახით", - ამბობს ვაჟა სირაძე.
მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტმა შს სამინისტროს მაღალჩინოსანს კონკრეტული ქეისები შეახსენა, სადაც სამხრე კამერების ჩანაწერები არ არსებობს, სირაძემ თქვა, რომ სამხრე კამერების ჩართვა პოლიციელების "კეთილი ნებაა".
პიროვნებაზეა დამოკიდებული. თქვენი კეთილი ნებაა, რომ გამორთოთ ეს კამერა, ან ჩართოთ. პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიყენოს სამხრე კამერა სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. თავად გადაწყვეტს პოლიციელი." - განაცხადა ვაჟა სირაძემ.