ბიზნესმენი გოგი თოფაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბიზნესმენი გოგი თოფაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
1970-1975 წლებში გოგი თოფაძე იყო თბილისის საპნის ქარხნის დირექტორი; 1975-1986წწ. - საწარმოო გაერთიანება "თბილლუდის'" გენერალური დირექტორი; 1986-1994წწ. - ლილოს ლუდის ქარხნის დირექტორი; 1994 წელს დააფუძნა შპს "ყაზბეგი“.
გოგი თოფაძე იყო საქართველოს მე-5 (1999-2004წწ), მე-6 (2004-2008წწ), მე-8 (2012-2016წწ) მოწვევის პარლამენტის წევრი. იგი ავტორია არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და მონოგრაფიისა. მიღებული აქვს "წლის საუკეთესო ბიზნესმენის" წოდება (1997, 1998) და "მეცენატის ოქროს მედალი" (2005).
გოგი თოფაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვებისა და ქიმიური მრეწველობის ფაკულტეტზე. 1962 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კვებისა და მრეწველობის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ - თანამშრომლად. 1967 წელს გოგი თოფაძემ ჩააბარა მოსკოვში ორგანული ქიმიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1969 წელს დაიცვა დისერტაცია, რის შემდეგაც მას მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.