საჯარო სამსახურებიდან სპეციალისტების გაყრა და ნათესავების მიყვანა მეტი ადამიანის სიკვდილს ნიშნავს - პატარაია

17.02.25 23:51
საჯარო სამსახურებიდან სპეციალისტების გაყრა და ნათესავების მიყვანა მეტი ადამიანის სიკვდილს ნიშნავს - პატარაია

"საჯარო სამსახურებიდან სპეციალისტების გაყრა და ნათესავების მიყვანა მეტი ადამიანის სიკვდილს ნიშნავს" - ამის შესახებ კავშირი "საფარის" ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა და ბათუმში დატრიალებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ თხრილში მოზარდების ჩავარდნისა და მათი დაღუპვის ფაქტს უბედური შემთხვევა უწოდოს, თუმცა ბაია პატარაიას განმარტებით, მომხდარი არათუ ტრაგედია, არამედ დანაშაულია, რაც საჯარო სამსახურში არსებულმა ნეპოტიზმმა და კორუფციამ განაპირობა. 

დღეს მერიები, მუნიციპალური სამსახურები უცნაური შტატებით არის სავსე. ვერ ვიტყვით, რომ შტატების ნაკლებობა აქვს ამა თუ იმ უწყებას. პრობლემა სხვა რამეშია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კორუფციაა პრობლემა, ადამიანებს ჰგონიათ კორუფცია მხოლოდ ფულის კეთება. ფულის კეთება იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ფული ჯიბეში ჩაიდო, კორუფცია იმას ნიშნავს, რომ საქმე ან არ გაკეთდა, ან ცუდად გაკეთდა. დღეს რომ გაყარე საჯარო სამსახურებიდან სპეციალისტები და მიიყვანეს ნათესავები, პარტაქტივი, რომელმაც არც იცის და არც აინტერესებს, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მეტი ადამიანი მოკვდება. "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ამას დაარქვას ტრაგედია, უბედური მოვლენა. არა, ეს არის დანაშაული" - განაცხადა ბაია პატარაიამ. 

შეგახსენებთ, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვებს 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი სწორედ თხრილში იპოვეს.  ოპოზიცია და კორუფციის მკვლევარები მომხდარზე პასუხისმგებლობას აჭარის მთავრობას აკისრებენ.