დაკავებების სერია შიდა ქართლში - ე.წ. ქურდულ სამყაროს წევრობისთვის დაკავებულები არიან ომო", "ბოთე", "პაწე", ,,რიჟოვიჩი" და სხვები

16.09.21 16:35
დაკავებების სერია შიდა ქართლში -  ე.წ. ქურდულ სამყაროს წევრობისთვის დაკავებულები არიან ომო", "ბოთე", "პაწე", ,,რიჟოვიჩი" და სხვები

სპეცოპერაციების სერია შიდა ქართლში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორსა და ხაშურში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 11 პირი დააკავა, 4-ის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული შ.მ., 1988 წელს დაბადებული ნ. მ. (მეტსახელად რიჟოვიჩი), 1963 წელს დაბადებული კ. ნ., 1964 წელს დაბადებული ბ. გ. (მეტსახელად პაპლიკა), 1987 წელს დაბადებული ა. ც. (მეტსახელად მღვდელოვიჩი), 1990 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად წერტილა), 2002 წელს დაბადებული ო. მ. (მეტსახელად ომო), 1999 წელს დაბადებული ბ. მ., 1974 წელს დაბადებული გ. გ., 1972 წელს დაბადებული ზ. ნ. და 1996 წელს დაბადებული ბ. ა.

ამავე დანაშაულებისთვის ბრალი წარედგინებათ: 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს (მეტსახელად ბოთე), 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად ჩაინიკა), 1998 წელს დაბადებულ პ.ბ.-ს (მეტსახელად პაწე) და 1989 წელს დაბადებულ შ. ქ.-ს (მეტსახელად ტყუპა).

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ "ქურდულ სამყაროს" და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. კერძოდ, ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ "ქურდულ გარჩევებში" და ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით, "ქურდული სამყაროს" მიზნების განსახორციელებლად და მატერიალური სარგებლის მისაღებად, მოქალაქეებს ფულსა და ძვირადღირებულ ავტომანქანებს ართმევდნენ.

ბრალდებულები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების "ქურდული წესების" შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის — ტერტერას დავალებით, არაერთ საქმეში ჩაერთნენ. ქურდული გარჩევის შედეგად, ბრალდებულები ფინანსურ დავებს ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა ე.წ. კანონიერი ქურდის - "ტერტერას" დავალებით, ასევე "ქურდული სამყაროს" წევრს - მეტსახელად "ჩაინიკას" თავისი კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. მოგვიანებით კი, აღნიშნული მანქანის დაბრუნების მიზნით, ქურდული გარჩევა მოეწყო, რომელშიც "ქურდული სამყაროს" წევრი მეტსახელად - რიჟოვიჩი მონაწილეობდა. "ქურდული გარჩევის" შედეგად, ავტომანქანა "ჩაინიკას" დაუბრუნდა. აღნიშნულმა პირებმა ასევე კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც "ქურდული გარჩევის" შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუბრუნეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ. ასევე, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, მერსედესის მარკის ავტომანქანა და 15 ათასი დოლარი, მაგნუმისა და კოლტის სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი და საბრძოლო ვაზნები", - აცხადებს შსს.

"ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვისა და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები