იყო თუ არა კობახიძე ჩართული “ოცნების“ დეპუტატების აბუ-დაბის ციხიდან გათავისუფლებაში - რას ამბობს გაბიტაშვილი
იყო თუ არა ჩართული „ოცნების“ პრემიერი არაღიარებული დეპუტატების აბუ-დაბის ციხიდან გათავისუფლებაში - ლაშა გაბიტაშვილი ამბობს, რომ მან დაზუსტებით არ იცის, თუმცა გელა სამხარაულმა უთხრა, რომ „ამ საკითხზე პრემიერმა დარეკა“.
გაბიტაშვილის თქმით, სამაგიეროდ აქტიურად იყვნენ ჩართულები საელჩო და დიპლომატები.
პრემიერის ჩართულობაზე მე ჩემი წარმოდგენა კი არ მქონდა, გელა სამხარაულმა თქვა, რომ პრემიერმა დარეკა ამ საკითხზე. ჩვენი საელჩო და დიპლომატები ძალიან ჩართულები იყვნენ ამ საქმის მოგვარებაში. არ ვიცი რა კუთხით და როგორ დარეკეს, მაგრამ ყველა ჩართული იყო ამ საქმეში. ადვოკატის აყვანასაც ცდილობდნენ, უბრალოდ, სისხლის სამართლის განხრით, ესეთი პრეცედენტები მცირეა და მოძებნა ჭირს.
საბოლოოდ, ჩემზე იყო დამოკიდებული, დავაჩქარებდი თუ არა მათ დახსნას. საქმე აღძრული იყო, სამართალდამრღვევებად ისინი ცნობილები არიან, უბრალოდ ფიზიკური დაზიანების კუთხით, პრეტენზია მოვხსენი. ეს იყო ჩემი კეთილი ნება, რადგან მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩემი თვითმიზანი მათი ციხეში გაშვება არ იყო და მე მათნაირი ვერ გავხდები, - ამბობს გაბიტაშვილი.
რაც შეეხება თბილისში მომხდარ თავდასხმას - გაბიტაშვილი ეჭვობს, რომ თბილისში ინციდენტი იმ ე.წ. დეპუტატებს არ აწყობდათ, რადგან მათი რეპუტაცია ისედაც დაზიანებულები არიან.
არ ვიცი, შეიძლება რეჟიმი არც ეკითხებათ მათ, არც შსს-ს და არც პროკურატურას, როგორ უნდა გაანხორციელონ თავდასხმა. რაღაც დეპარტამენტი არსებობს, რომელსაც დავალებული აქვს ასეთი რამეები“, - განაცხადა მან.