რას ჰყვება კაცი, რომელიც “ტვ პირველის“ ოპერატორის გატაცების დროს, მასთან ერთად იმყოფებოდა

19.02.25 00:45
რას ჰყვება კაცი, რომელიც “ტვ პირველის“ ოპერატორის გატაცების დროს, მასთან ერთად იმყოფებოდა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის გატაცების დროს მის გვერდით იმყოფებოდა, ამბობს, რომ გამტაცებლებს ჰქონდათ ის გათვლა, რომ ავტომობილთან მისვლის მომენტამდე მომხდარიყო თავდასხმა და მისი გატაცება.

მისი თქმით, ნიღბიანებმა თავდასხმის პირველი წუთებიდან ლაშაზე განსაკუთრებული აგრესია დაიწყეს და მოქალაქეების ჩართულობის მიუხედავად მისი გატაცება მაინც მოახერხეს.

ლაშა ჯიოშვილის თანმხლები პირი ადგილზე მყოფ პოლიციის ეკიპაჟებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ გამტაცებელებს მისცეს საშუალება ადგილს გაცლოდნენ და მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

ძალიან მშვიდად ვბრუნდებოთ აქციიდან, ჩამოვიარეთ ეს ტერიტორია, არ შეგვიმჩენვია არცერთი ადამიანი. თავდასხმა რომ დაიწყო, ერთდროულად მოგვცვივდა თამდე, შესაძლოა მეტიც, შავტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი, რომლებსაც სახე დაფარული ჰქონდათ. იდენტიფიცირება, რომ ესენი იყვნენ რომელიმე სტრუქტურის წარმომადგენელი, მათ არანაირი ნიშანი არ გააჩნდათ. თავდასხმის პირველივე წამიდან ლაშაზე დაიწყო განსაკუთრებით აგრესია, ჩემკენაც გამოიწიეს, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხე, რომ გავეცალე და დავიწყე პატრულში დარეკვა. ამ დროს მოქალაქეებიც ჩაერთნენ პროცესში, თუმცა, ის მაინც ჩატენეს მანქანაში, იძულებით.

ლაშა ეუბნებოდა, რომ იყო “ტვ პირველის“ ოპერატორი, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ვბრუნდებოდით ავტომობილისკენ. მათ ჰქონდათ სწორედ ის გათვლა, რომ ავტომობილთან მისვლის მომენტში უნდა მომხდარიყო თავდასხმა და მე როგორც ერთ-ერთი პროცესში მონაწილე, ვერ მივხვდი ვინ იყვნენ. მეგონა იყვნენ “ტიტუშკები“, უნდა ვეცემეთ და დავიწყე პატრულში რეკვა.

პატრული აქედან 50 მეტრის მოშორებით უყურებდა ინციდენტს, მეორე ეკიპაჟი აქ იყო და მოქალაქეები ეხვეწებოდნენ, მიეხმარეთ ადამიანს იტაცებენო, მაგრამ არავინ მიეხმარა, უფრო მეტიც, მთელი გვირაბის განმავლობაში, ვიდრე მანქანამ გაიარა და გაცდა, ამაზე რეაგირება არ მოახდინეს.

ეს არის რეჟიმი, რომელიც სულს ღაფავს და აუცილებლად მივიღებთ იმას, რომ ლაშასნაირი ადამიანები თავიანთ სამართალს დაამტკიცებენ“, - განაცხადა მან.

ცოტა ხნის წინ, პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა -  შემთხვევა თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო "რადისონთან" მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.