გააყალბა თუ არა სამხარაულის ბიურომ ივანიშვილ/ბაჩიაშვილის სატელეფონო საუბრის ექსპერტიზა? - გერმანელი ექსპერტების დასკვნა საქართველოშია
გააყალბა თუ არა სამხარაულის ბიურომ ბიძინა ივანიშვილის და გიორგი ბაჩიაშვილის სატელეფონო საუბრის ექსპრტიზა? ფონოკოპიური ექსპერტიზა გერმანიაში დასრულებულია. საერთაშორისო ექსპერტების ხელმოწერილი დასკვნა ადვოკატებმა სასამართლოში უკვე მიიტანეს და სხდომაზე წარადგინეს. აღნიშნული დასკვნა ბაჩიაშვილის განმარტებით, მისი და ბიძინა ივანიშვილის აუდიოჩანაწერს ჩაუტარდა.
ადვოკატმა დასკვნის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა და დასკვნის გამცემი ექსპერტის დაკითხვა ითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დოკუმენტის გამოკვლევა ორშაბათს დაიწყება, მანამდე კი დღეს დილიდან პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულების გამოკვლევით გრძელდება.
- ცნობისთვის, სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა, ასმათ მატუშევსკაიამ აუდიოჩანაწერში ბიძინა ივანიშვილის ხმის იდენტიფიცირება ვერ შეძლო და თან დაწერა, რომ აუდიო დამონტაჟებულია.
მოსამართლე დილიდან ლატვიის მოქალაქე ბიზნემენს უსმენს, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს საკუთარი ბიზნესისთვის სესხი სჭირდებოდა და არა ინვესტიცია.
„დღეიდან ვიწყებთ უკვე ჩვენი, დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვას, ასევე მტკიცებულებების გამოკვლევას. დღეს ჩვენი პირველი მოწმე ლატვიის მოქალაქე იქნება, რომელიც ადასტურებს, რომ მას ჰქონდა ჩემთან ბიზნეს ურთიერთობა და მზად იყო სესხი გამოეყო ამ პროექტის დასაფინანსებლად. მან მცირე სესხი გამოყო ჩემი კაპიტალის შევსების ნაწილში. სანამ ივანიშვილთან მივიდოდი, მოვიძიე გარედან სხვა დაფინანსების წყაროები, მათ შორის მივმართე ერთ-ერთ ჩემს მეგობარს და პარტნიორს დაფინანსებაზე, მან გამომიყო დაფინანსება გარკვეული პირობებით, შემდეგ მივედი ივანიშვილთან, ბანკის პირობები უკეთესი აღმოჩნდა საპროცენტო განაკვეთი და ამ დაფინანსების დიდი ნაწილი წამოვიღე „ქართუ ბანკიდან“, ხოლო მცირე ნაწილი, ნახევარი მილიონის ოდენობით მაინც ვისესხე და წამოვიღე ჩემი პარტნიორისგან. ის ინფორმირებული იყო, რომ „ქართუ ბანკიდან“ სესხის გზით წავედი, თუმცა პირადად ამის შემსწრე არ ყოფილა.
ჩემი დამატებითი მტკიცებულებები არის აუდიო ჩანაწერი და გერმანელი ექსპერტების დასკვნა. დასკვნა უკვე ჩამოვიდა, დღეს წარვუდგენთ სასამართლოს. სასამართლოს სხდომის შემდეგ ვისაუბრებ ამ დასკვნის შედეგებზე“,- აღნიშნა ბაჩიაშვილმა სასმართლო პროცესისი დაწყებამდე.
- გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.