როგორ უნდა გავარჩიოთ პოლიციელი მოქალაქისგან, როდესაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნია - "ოცნებას" პასუხი არ აქვს
როგორ უნდა გაარჩიოს მოქალაქემ პოლიციელი მოქალაქისგან, როდესაც ის შენიღბულია და მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნია? - ამ კითხვით მიმართა დღეს "პირველებმა" "ოცნების" დეპუტატებს. ივანიშვილის გუნდის წევრები ერთის მხრივ, ამბობენ, რომ არ იციან, რა ფაქტზეა საუბარი და მეორეს მხრივ ირწმუნებიან, რომ პოლიციელებს მოქალაქეები უბრალოდ უნდა "ენდნონ".
თემა არ ვიცი. საერთოდ არ ვიცი საქართველოს კადრებს მაჩვენებთ თუ არა, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
ვერ გეტყვით, არ მინახავს და თქვენს ნათქვამზე როგორ გავცე პასუხი?, - ამბობს რიმა ბერაძე.
არ მომწონს ბევრი რამე, რაც რუსთაველზე ხდება. შესაბამისი სამსახური გააკეთებს განცხადებას, - ამბობს ნათია ლაშხი.
უნდა ჰკითხოთ პოლიციელები არიან თუ არა და გაგცემთ პასუხს. უნდა ენდოთ, იმიტომ, რომ პოლიცია ნდობას იმსახურებს. თუ აღმოჩნდებით გატაცებული, მერე მოითხოვეთ 112-ში დარეკვა. დაგარეკინებენ და გაგათავისუფლებენ. ქვეყანა არის უსაფრთხო და ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებს არ იტაცებენ. თუ ვინმე აკავებს ვინმეს, ე.ი. ეს არის პოლიცია, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
გუშინ ღამით პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა - შემთხვევა თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო "რადისონთან" მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ, პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.
რამდენიმე საათის განმავლობაში გატაცებული ჯიოშვილის ადგილმდებარეობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა.