იარაღს დამაჭერინებდა ხელში და გაისვრიდა, ბავშვების თვალწინ მცემდა - პოლიციის უფროსის სავარაუდო მსხვერპლი ალაპარაკდა

16.09.21 20:22
იარაღს დამაჭერინებდა ხელში და გაისვრიდა, ბავშვების თვალწინ მცემდა - პოლიციის უფროსის სავარაუდო მსხვერპლი ალაპარაკდა

,,საშინლად მცემდა და მემუქრებოდა, თუ ვინმე ამას გაიგებს, სიცოცხლეს მოგისპობო" - ფოთის საპატრულო პოილიციის უფროსის თორნიკე იზორიას მხრიდან შესაძლო ძალადობის მსხვერპლი "ტვ პირველთან" ალაპარაკდა. 

ძალიან ბევრჯერ იყო ასეთი შემთხვევა, იარაღს დამაჭერინებდა ხელში, მერე გაისვრიდა და მაშანტაჟებდა, აი ხელში ხომ გეკავა იარაღიო, რამდენჯერ ბავშვების თვალწინ აკეთებდა ამას, ერთხელ კი არა, ბევრჯერ შეესწრნენ ბავშვები ამ ფაქტს, ძალიან ბევრი ფაქტი დამალეს ბავშვებმა. ჩემი 14 წლის ბიჭი უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს, რადგან ის ხშირად იყო ჩემს გვერდით. მცემდა კი არა, საშინელ დღეში ვიყავი. მემუქრებოდა, თუ ამის შესახებ ვინმე გაიგებდა, სიცოცხლეს მომისპობდა, - იხსენებს ძალადობის ფაქტებს 36 წლის ქალი.

ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი, თორნიკე იზორია, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოსამართლემ გირაოს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შსს-ს მაღალჩინოსანი გაათავისუფლა. 

საქმის მასალების თანახმად, იზორია ბიზნესპარტნიორს, 36 წლის ქალს, მოკვლით ემუქრებოდა, იძალადა არასრულწლოვნების თანდასწრებით. მუქარის მსხვერპლი სხვა ქალებიც იყვნენ.