პოლიცია ჩვეულებრივი სადამსჯელო რაზმია, რომლებსაც მითითება აქვთ, რომ ქალაქს უნდა შეესიონ - ზვიად ქორიძე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების ხელმძღვანელის, ზვიად ქორიძის თქმით, პოლიცია სადამსჯელო რაზმად გადაიქცა, რომლებსაც მითითება აქვთ, რომ "ქალაქს შეესიონ" და სწორედ მორიგი ასეთი ქმედება განხორციელდა გუშინ გვაინ ღამით, როდესაც "ტვ პირველის" ოპერატორი ნიღბიანებმა გაიტაცეს.
დიქტატურის პრობლემა თითოეულ მოქალაქესთან მივა - ამბობს ქორიძე.
ეს არის სწორედ დიქტატურა, რომ თავისუფლად ვერ გადაადგილდები. ამ ადამიანებს უკვე აქვთ მითითება, რომ ისინი პოლიციელები კი არ არიან, არამედ ისინი ჩვეულებრივი სადამსჯელო რაზმის წევრები არიან, რომლებიც უნდა შეესიონ ქალაქს ახლა. აი ამ კროსვორდს როდესაც გვთავაზობს ახლა ხელისუფლება და ასე გველაპარაკება, ეს არის ზუსტად იმის ნიშანი, რომ დიქტატურის პრობლემა მივა თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან"- განაცხადა ზვიად ქორიძემ.
გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში "ტვ პირველის" ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.
ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.