"პოლიციის მხრიდან ძალადობის მორიგი საშიში პრეცედენტი " - მედიის ადვოკატირების კოალიცია "ტვ პირველის" ოპერატორის გათავისუფლებას მოითხოვს
მედიის ადვოკატირების კოალიცია "ტვ პირველის" ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებას გმობს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, ეს ინციდენტი წარმოადგენს მორიგ დარტყმას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისა და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ.
არც ერთი მოძალადე არ არის იდენტიფიცირებული და კანონმდებლობის შესაბამისად დასჯილი. ეს კი "ქართული ოცნების" მხრიდან საკუთარი მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ორგანიზებულ ძალადობრივ კამპანიაზე მიუთითებს - წერია განცხადებაში.
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჯიოშვილი დააკავეს არაიდენტიფიცირებულმა პირებმა, რომლებმაც მხოლოდ თვითმხილველების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ წარმოადგინეს თავი სამართალდამცავებად. დაკავებისას ტელევიზიის ოპერატორი აცხადებდა, რომ დამკავებლები მისთვის ჯიბეში რაღაცის ჩადებას ცდილობდნენ.
სამართალდამცავებმა დროულად არ გასცეს ინფორმაცია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფლის შესახებ, მათ შორის შსს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმაც. ადვოკატის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილს ნიღბიანმა პირებმა მისი უფლებები არ გააცნეს, სამმართველოში მიყვანამდე მან არ იცოდა დაკავების მიზეზი. ოპერატორის მისამართით იყო მუქარა. ადვოკატის განცხადებით, არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, რის გამოც მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.
აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს მორიგ საშიშ პრეცედენტს პოლიციის მხრიდან ძალადობისა. წაშლილია ზღვარი სამართალდამცავებსა და არაიდენტიფიცირებულ მოძალადე პირებს შორის და ეს იმ ფონზე, როცა ბოლო თვეების განმავლობაში აქციების მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის "ტვ პირველის" ჟურნალისტები, არაერთხელ გახდნენ პოლიციისა და ნიღბიანი პირების თავდასხმის ობიექტები. 2024 წლის ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი საპროტესტო აქციებიდან დღემდე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ 100-ზე მეტი თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა თუ უკანონოდ საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი დაფიქსირდა. არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, არც ერთი მოძალადე არ არის იდენტიფიცირებული და კანონმდებლობის შესაბამისად დასჯილი. ეს კი "ქართული ოცნების" მხრიდან საკუთარი მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ორგანიზებულ ძალადობრივ კამპანიაზე მიუთითებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოითხოვს ლაშა ჯიოშვილისა და ყველა უკანონოდ დაკავებული სინდისის პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - წერია განცხადებაში.
- გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში "ტვ პირველის" ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.
- ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.