მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კვლავ უარი თქვა

19.02.25 13:58
მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კვლავ უარი თქვა

მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კვლავ უარი თქვა.

როგორც სასამართლოში განმარტავენ, ბრალდებულ მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მაია მწარიაშვილის, ჯუმბერ ქათამაძისა და რაჟდენ ხიმშიაშვილის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე დაუშვებლად ცნო.

უფლებადამცველები, ამჯერადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და აღკვეთის შეცვლას ითხოვდნენ.

საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ეს უარიც დაემატება იმ საჩივარს, რომელიც სტრასბურგში გასაგზავნად მზადდება.

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ ცნო დაუშვებლად მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საჩივარი.
ქართული სასამართლო სისტემა დემონსტრაციულად ამბობს უარს მართლმსაჯულების განხორციელებაზე. ეს უარიც დაემატება იმ საჩივარს, რომელიც სტრასბურგში გასაგზავნად მზადდება."- ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

შეგახსენებთ, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი 12 იანვარს დააკავეს. მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა - გუშინ, ჟურნალისტმა შიმშილობა შეწყვიტა. ის მკურნალობას "ვივამედის" კლინიკაში გააგრძელებს.