ისაკო დევიძე: "ჩხრეკაზე იყვნენ შემოსულები, სცადეს ჩემი და თანამებრძოლების დაშინება - ჩვენ ყოველდღე გამოვალთ და ვიბრძოლებთ"
ისაკო დევიძე, რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილის რეჟიმმა რეპრესიები არაერთხელ განახორციელა, კვლავ რუსთაველის გამზირზე იმყოფება.
სამოქალაქო აქტივისტი პირდაპირ ამბობს, რომ მოქალაქეების სახლებში შევარდნით, ჩხრეკის ჩატარებითა და ჯარიმების დაწერით "ქართულ ოცნებას" კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინება სურს, თუმცა მისივე განმარტებით, რეჟიმი პროტესტის ჩახშობას ვერ ეღირსება.
ჩვენ ვართ მებრძოლები, ჩვენ ვიბრძვით და ის, რომ ჩხრეკაზე იყვნენ შემოსულები და სცადეს ჩემი დაშინება და ჩვენი ბევრი თანამებრძოლის, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავშინდით ან ჩვენ შეგვეშინდება. ჩვენ ყოველ დღე გამოვალთ, ყოველდღე ვიბრძოლებთ და ვიტყვით ჩვენს სათქმელს. სოლიდარობა ანდრო ჭიჭინაძეს, სოლიდარობა ყველა პოლიტ პატიმარს", - ამბობს ისაკო დევიძე.
ცნობისთვის, ისაკო დევიძე ის სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც რეჟიმმა არაერთხელ გაასამართლა. 1-ელ თებერვალს პოლიციელები მის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს.
მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 5 თებერვალს მოსამართლე ლევან ცაგარეიშვილმა იგი 3 500 ლარით დააჯარიმა.