"ნიშანი არ ჰქონდათ, ჩვეულებრივად იყვნენ ჩაცმულები, როგორც სამოქალაქო პირები" - ლაშა ჯიოშვილის გატაცების თვითმხილველი
ნიღბიანების მიერ "ტვ პირველის" ოპერატორის გატაცების დეტალებს თვითმხილველი, ქეთი წულუკიძე იხსენებს - ახალგაზრდა ქალი პირდაპირ ეთერში ყვება, რომ 18 თებერვალს, რუსთაველის გამზირიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც დაინახა, როგორ მისდევდა დროშიან ბიჭს 10 ნიღბიანი.
"ჩვენს დანახვაზე დაიბნენ და არ უნდოდათ კამერაში გამოჩენა. მერე დაიწყეს ნიღბების გაკეთება" - ამბობს ქეთი წულუკიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ფორმაში მყოფ პირებს მანქანასთან ჰყავდათ მიმწყვდეული და ძალის გამოყენებით ოპერატორის ავტომობილში ჩატენვას ცდილობდნენ.
ქეთი წულუკიძე "ტვ პირველის" ეთერში იმასაც აცხადებს, რომ ოპერატორის გატაცების მომენტში ნიღბიანებს აკვირდებოდა, თუმცა მათ არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდათ, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ გამტაცებლები პოლიციელები იყვნენ.
ჩვენ უკვე რუსთველიდან თაბუკაშვილით მივდიოდით სახლში და გვირაბთან ხმაურიც არ იყო, უბრალოდ დავინახეთ, რომ დროშიანი ბიჭი იყო და მისდევდა ათი შავებში ჩაცმული ადამიანი. პოსტერი არ ეჭირა იმ წუთას. ძალიან მოულოდნელი იყო და როგორც კი დავინახე, ვიფიქრე ალბათ ტიტუშკები არიან-თქო.
მანქანიდან ყვირილი დავიწყე და ისინი გვეუბნებოდნენ, წადით, გზა გააგრძელეთო. როდესაც ჩამოვედით და კამერა დაინახეს, იმ წამსვე ზურგით შებრუნდნენ, ძალიან დაიბნენ და არ უნდოდათ კამერაში გამოჩენა. მერე დაიწყეს ნიღბების გაკეთება. ლაშა მანქანასთან მიმწყვდეული ჰყავდათ. იცოდნენ ლაშას მანქანა სად იყო ეტყობა. ათი კაცი მისდევდა ერთ ადამიანს.
სხვა ადამიანებმა დაინახეს, რომ იქვე იდგა პატრული გვირაბში და დაუძახეს. რაღაც მომენტში გაიქცნენ შავნიღბიანები, ჯერ ლაშა ჩასვეს თეთრ მანქანაში, რასაც გადავუღეთ. ეს მანქანა ჯერ არ იყო, ჩვენ რომ მივედით ვერ გაიგეს რა ექნათ, რაღაცნაირად მიიმწყვდიეს და მანქანა მოაყენეს და ჩასვეს. პატრულის რეაგირება არ იყო. ამ მანქანაში ორი პირი არ ჩაეტია. მივვარდით და ვეკითხებოდით, რას აკეთებთო. ერთ-ერთმა გვიპასუხა, რომ პოლიცია ვართო. დავაკვირდი ყველას, ვინც იყო და არცერთს არ ჰქონდა ნიშანი, რომ პოლიცია არის. ჩვეულებრივად იყვნენ ჩაცმულები, როგორც სამოქალაქო პირები. ხალხი მანქანებიდან გადმოდიოდნენ და დახმარებას ცდილობენ. ვიღაცამ პატრულიც მოიყვანა, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია", - ამბობს ქეთი წულუკიძე.
- გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ პოლიცია ოპერატორისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა, რადგან ვიდეოში ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ "ჯიბეში" რაღაც ჩაუდეს.
- რამდენიმე საათის განმავლობაში "ტვ პირველის" ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.
- ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.