,,საიას" და ISFED-ის ანგარიშები ცალსახად არასწორია - შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

17.09.21 13:57
,,საიას" და ISFED-ის ანგარიშები ცალსახად არასწორია - შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

,,საიას", ISFED-ისა და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის" წინასაარჩევნო ანგარიშები არასწორია - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა წინასაარჩევო კამპანიის დაწყებამდე პერიოდს ასახავს.

სამივე შუალედურ ანგარიშში, რომელიც უნდა მოიცავდეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ ფაქტებს, მოყვანილია ისეთი შემთხვევები, რომელიც მოხდა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ანუ 2021 წლის 3 აგვისტომდე. მაგალითად, ,,საია"-ს ანგარიში იწყება პირველი მაისიდან, ხოლო ,,საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და ISFED-ის ანგარიში 1 ივნისიდან.

ეს ორგანზიაციები ნაცვლად საარჩევნო  კამპანიის წესების დარღვევისა, საუბრობენ ისეთი ახალი ტერმინებით, როგორიც არის მაგალითად ამომრჩეველთა გულის  მოსაგებად განხორციელებული აქტივობა და შემთხვევებს მის დარღვევად აფასებენ.

ამ ლოგიკით არასაარჩევნო პერიოდში მთავრობის ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ამომრჩევლის გულის მოგება, რაც ცალსახად არასწორია და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, თითქოს რაიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე, - ამბობს პაპუაშვილი.