საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს
გიორგი ბაჩიაშვილის საქმე დასკვნით ფაზაში გადადის- თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. როგორც პროკურორი აღნიშნავს, ის საკუთარ სიტყვაში იმ მტკიცებულებებს შეაფასებს, რაც ბრალდებულის წინააღმდეგ აქვთ მოპოვებული.
საქმეზე დასრულდა განხილვა, მე წარმოვადგენ დასკვნით სიტყვას, სადაც დეტალურად შევაფასებ ყველა იმ მტკიცებულებას, რაც საბოლოო ჯამში ადასტურებს, ბაჩიაშვილის მიერ, დანაშაულების ჩადენას - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
დაცვის მხარე კი ირწმუნება, რომ არანაირი მტკიცებულება ბაჩიაშვილის ბრალის დამამტკიცებელი არ არსებობს და ოქროს მოწმე, ივანიშვილის ჩვენებაც კი არ არის მამხილებელი.
დღეს მოვისმენთ ბრალდების სიტყვას, ერთგვარ შეჯამებას მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ანალოგიურად, ორშაბათს იქნება ჩვნი დასკვნითი სიტყვა. შესაბამისად, მე მგონია, განაჩენიც გამოცხადდება. შემდეგ კი უკვე გასაჩივრების სტრატეგიაზე ვიფიქრებთ, რადგან დიდი ალბათობით, გასაჩივრება მოგვიწევს“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ საბოლოო სიტყვის უფლებას ბაჩიაშვილს არ მისცემენ.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.