გირაო ძალადობისთვის დაკავებულს - გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე მოსამართლე მარიდაშვილის გადაწყვეტილებას

08.03.25 11:52
გირაო ძალადობისთვის დაკავებულს - გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე მოსამართლე მარიდაშვილის გადაწყვეტილებას

თავდასხმა "კრაბ კოფის" მეპატრონეებზე - 18 წლის ამირან მასპინძელაშვილი საპატიმროს მას შემდეგ დატოვებს, რაც მისი ოჯახი გირაოს გადაიხდის. 3 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გარდა, მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ბრალდებულს, რომელსაც ორი ქალი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, დაზარალებულ გოგონებთან მიახლოება და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

  • 18 წლის კაცს საბრალდებო სკამიდან თავი არ უმართლებია, ჩადენილი მოინანია და ემოციური ფონით ახსნა. პროცესს არ ესწრებოდნენ "კრაბ კოფის" დამფუძნებლები.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მოსამართლემ მათი შუამდგომლობა ნაწილობრივ იმ გარემოებების გამო გაითვალისწინა, რომ ამირან მასპინძელაშვილი ხუთ მცირეწლოვან და-ძმას, დედას და მოხუც ბებია-ბაბუას არჩენს. 

მოსამართლემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, დაცვის მხარის დასაბუთება და ჩემს დასაცავ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო, ოღონდ ეს არის საპატიმრო გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით და გამოიყენა 3 000 ლარის ოდენობით. მოსამართლემ მხედველობაში მიიღო მისი ეკონომიკური მდგომარეობა. ის, რომ ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ასევე ის რომ ის ინახავს ბებიას და ბაბუას. ამ გარემოებებზე დაყრდნობით ჩემი აზრით მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით", - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, მათი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დასაბუთებას გაეცნობიან და შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა  გადაწყვეტილებას.

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საპატიმრო გირაოსთან დაკავშირებით. ბრალდების მხარე შუამდგომლობდა იმ რისკების გათვალისწინებით, რაც საქმეში არსებობდა. პატიმრობის გამოყენება, ჩავიბარებთ განჩინებასა და საბუთს. გავეცნობით დასაბუთებას და მერ მივიღებთ გადაწყვეტილებას, განჩინების გასაჩივრების ან არ გასაჩივრების საკითხზე", - ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, 5 მარტს "კრაბ კოფის" ორ დამფუძნებელს დიღმის მასივში თავს ახალგაზრდა კაცი დაესხა. ერთ-ერთ გოგოს თქმით, მას ცხვირი აქვს გატეხილი, მეორეს კი ღრძილის მოტეხილობა აღენიშნება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
 

მსგავსი სიახლეები