"ბოლო დღეებია ჩემს ტელეფონში შევნიშნე უჩვეულო აქტივობები... დადგინდა, რომ ტელეფონი უწყვეტ რეჟიმში დაკვირვების ქვეშაა" - ჩიკვაიძე

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული, Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ბოლო პერიოდში საკუთარ ტელეფონზე უჩვეულო აქტივობები შენიშნა, რის გამოც მობილურზე წვდომა ამ მიმართულებით სპეციალიზებულ უცხოურ კომპანიას მისცა.
გიორგი ჩიკვაიძე აღნიშნავს, რომ მოცემული კომპანიისგან დღეს დილით მიიღო დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ მისი ტელეფონი უწყვეტ რეჟიმში დაკვირვების ქვეშაა - "ეს მოიცავს როგორც გადაადგილების მარშრუტებს, ის უწყვეტ წვდომას "data"-ზე".
ბოლო დღეებია ჩემს მობილურ ტელეფონში შევნიშნე უჩვეულო აქტივობები. მაგალითად, ხშირი გაჭედვა, აპლიკაციების უეცარი დახურვა, ტელეფონი მატყობინებს, რომ უწევს გამოიყენოს დიდი რაოდენობით ოპერატიული მეხსიერება და იქნებ გადავხედო რომელ აპლიკაცია იწვევს ამას. რაც ყველაზე შესამჩნევია, კავშირის დაჭერის სიხშირის მაჩვენებელი რომელიც აჩვენებს, თუ როგორ იჭერს შენი ტელეფონი, რა ტიპის ინტერნეტს იყენებს, 2-5 წუთში ერთხელ იცვლება ან საერთოდ ითიშება, მაგალითად LTE+ იცვლება H ან H+ -ით, ან საერთოდ ითიშება ერთი წუთით და ეს გრძელდება უწვეტად. ტელეფონი ძალიან მალე ჯდება!
გუშინ ჩემი ტელეფონის ექაუნთის ასლი და წვდომა მივეცი ერთ უცხოურ ძალიან მაგარ კომპანიას, რომელიც სპეციალიზირებულია ამ მიმართულებით.
დასკვნა დღეს დილით გამომიგზავნეს, რაც მოიცავს ბოლო 12 საათის შედეგებს - ტელეფონი უწვეტ რეჟიმში არის დაკვირვების ქვეშ, ეს მოიცავს როგორც გადაადგილების მარშუტებს, ის უწყვეტ წვდომას "data"-ზე, ტელეფონიდან ხდება ზუსტი კოპირება "screen mirroring"-ის მეშვეობით google-ის საძიებო სისტემაში თუ რას ვსერჩავ. გარკვეულწილად ხდება ისეთი აპლიკაციების მიყურადება და "data"-ს ტრანსილაცია, როგორიცაა what's app, viber, telegram, FB Messenger. შედარებით დაბალი პროცენტულობით შეინიშნება იგივე აქტივობები აპლიკაცია Signal-თან მიმართებაში და მცდელობები data-ს კოპირების არის წყვეტადი, რაც მიანიშნებს ხანგრძლივი ვადით წყვეტად ტრანსილაციის მცდელობებზე!
მოკლედ გაითვალისწინეთ ეს სიმპტომები თქვენს ტელეფონებზე!" - წერს გიორგი ჩიკვაიძე.
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ივანიშვილის გუნდს რეკეტსა და "ბიზნესის ახევის" ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
- 2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“, მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
მისივე ცნობით, "2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა". დავალებაზე უარის თქმის შემდეგ მასზე "ზეწოლა" მოხდა, რასაც საბოლოოდ მის მიმართ საქმის აღძვრა მოყვა.
პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.