"მიზეზი სამსახურებრივი მოვალეობის ვერ შესრულება არ ყოფილა... დავდიოდი აქციებზე" - ინტერვიუ მერიიდან გათავისუფლებულ ქალთან
პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელიც თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან გაუშვეს - მარიამ კანდელაკი კახა კალაძის უწყებას მოქალაქეების პოლიტიკური სარჩულით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
4 შვილის დედა, რომელიც ქალთა დღეს უმუშევარი დატოვეს, ამბობს, რომ თბილისის მერიამ სამსახურიდან დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად შტატების შემცირება დაუსახელა. არადა ამ დროს, საჯარო მოხელის განმარტებით, სამსახურში ბევრი საქმე ჰქონდა, დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა და შტატების შემცირების საჭიროება საერთოდ არ არსებობდა.
სწორედ ამიტომ ახალგაზრდა ქალი დარწმუნებულია, რომ მისთვის დასახელებული მიზეზი ფასადურ ხასიათს ატარებს და რეალური მოტივი მის მიერ ქვეყნის ევროპული მომავლის ქუჩიდან დაცვაა.
ვმუშაობდი თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში მომსახურების ოპერატორად, სამგორის რაიონის სერვის ცენტრში, რომელიც ყველაზე დატვირთულია. შემიმცირეს შტატი. გათავისუფლების მიზეზი არ ყოფილა ჩემი სამსახურებრივი მოვალეობის ვერ შესრულება. დღეში 300-მდე ბენეფიციარი მიმართავს მარტო სამგორის გამგეობას. ჩვენი გავლით უკავშირდებიან სხვა სტრუქტურებს.
როდესაც ხედავ, რომ იმ დონის გაჭირვებაა შენს ქვეყანაში, იმ დონის სიღატაკე და იმ დონის ფსკერზეა დაცემული უკვე ადამიანთა უფლებები, რომ დღეში 300 ადამიანს უწევს მომართოს 100-ლარიან დახმარებაზე გამგეობას, 120-ლარიანი მედიკამენტების გულისთვის, რადგან შეძენა არ შეუძლიათ... ვერ დაჯდები და ამ ყველაფერს გულგრილად ვერ უყურებ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სერვის ცენტრი საჭიროებდა დამატებით კადრს, ერთი წლის წინ გადმომიყვანეს მერიის მომსახურების კანცელარიიდან. ვაქტიურობდი ძალიან, აქციებზე დავდიოდი, ხშირად ვპოსტავდი ხელმომწერების სიაშიც ვიყავი. გამოვხატავდი ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას. არ დამიხუჭავს თვალი არასდროს სხვის გაჭირვებაზე". - განაცხადა მარიამ კანდელაკიმ.
მარიამ კანდელაკი იმასაც აცხადებს, რომ რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ, როდესაც მისი და მისივე ოჯახის პოზიცია თბილისის მერიისთვის ცნობილი გახდა, მეუღლეს და შვილებს სოციალური დახმარება მოუხსნეს.