"ქალები რეჟიმის წინააღმდეგ" - საპროტესტო მარშს სინდისის პატიმრების მშობლებიც უერთდებიან

08.03.25 13:34
"ქალები რეჟიმის წინააღმდეგ" - საპროტესტო მარშს სინდისის პატიმრების მშობლებიც უერთდებიან

"ქალები რეჟიმის წინააღმდეგ" - დღევანდელ საპროტესტო მარშს სინდისის პატიმრების მშობლებიც უერთდებიან.

პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების დედები ამბობენ, რომ ნებისმიერ პლატფორმას, პროტესტს და მარშს საკუთარი პოზიციების გასაჟღერებლად იყენებენ.

დღევანდელ აქციაზე მონაწილეობას ოთხ კედელში გამოკეტილი საბა სხვიტარიძის დედაც მიიღებს. ელენე ახობაძის თქმით, გამარჯვება ძალიან მალე მოვა.

ჩვენს მთავრობას მინდა ვუთხრა, რომ დადგა გაზაფხული და ჩვენ კიდევ ბევრი ზაფხული გვექნება და ბევრი გაზაფხული მოვა ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენ გამარჯვებულები ვართ. შევასრულეთ 100 დღე და ძალიან მალე მოვა უკვე გამარჯვება", - ამბობს საბა სხვიტარიძის დედა.

სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა კი "ქართული ოცნების" წევრებს ბიძინა ივანიშვილის მონებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მთავარია, ოლიგარქმა ქვეყანა დატოვოს, რადგან საქართველოდან მისი წასვლის შემდეგ, ივანიშვილს უკან მისივე "ლეკვებიც" გაყვებიან. 

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მუხტი არასოდეს არ ჩაქრება. მანამ არ ჩაქრება, სანამ ეს ერთი ყველაზე მთავარი ადამიანი ქვეყანა არ დატოვებს, თორემ მე დანარჩენებზე მაგალითად აღარ მაქვს პროტესტი, იმიტომ რომ ის რომ დატოვეს ამ ქვეყანას,  თავისთავად მიჰყვებიან თავიანთი ლეკვები მერე ამათ, იმიტომ რომ ისინი არიან ბიძინას მონები", - ამბობს მარიზი კობახიძე.

გისოსებს მიღმა გამომწყვდეული ჟურნალისტის, ნიკა კაციას დედა ბრძოლას ბოლომდე აანონსებს. იგი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სახელოვნად გაიმარჯვებს. 

გამარჯვება გარდაუვალია, ამიტომაც ვიბრძვით. ჩემი ბრძოლა უკვე წინა წლებიდან მოდის, ასე არიან ჩვენი შვილებიც. ჩვენი შვილები ციხის კედლებში და ჩვენ გარეთ. ჩვენ მათ ვაძლევთ მხნეობას და ისინი ჩვენ. ძლიერად ვართ და ამას ველოდებით გამარჯვების გაზაფხულს", - ამბობს ნიკა კაციას დედა.

შეგახსენებთ, დღეს, 8 მარტს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება. დედაქალაქში დემონსტრანტები 19:30 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ. 

  • ქუთაისში მოქალაქეები 19:00 საათზე, მე-3 სკოლასთან შეიკრიბებიან. ბათუმში 18:00 საათზე, მემედ აბაშიძის 48 (გაზეთ "ბათუმელების" ოფისთან).

ფოტო არქივიდან.

მსგავსი სიახლეები