"ოცნება" დღითიდღე შეეცდება, უფრო მეტი ადამიანი დააშინოს და დასაჯოს - ბუღაძე

08.03.25 15:20
"ოცნება" დღითიდღე შეეცდება, უფრო მეტი ადამიანი დააშინოს და დასაჯოს - ბუღაძე

საჯარო მოხელეების წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს მწერალი ლაშა ბუღაძე ევროპული მომავლის სადარაჯოზე მყოფი მოქალაქეების დაშინების მცდელობად აფასებს. 

ლაშა ბუღაძე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" კრიტიკული აზრის გამო საჯარო სამსახურებში მომუშავე ადამიანთა დასჯას გააგრძელებს, თუმცა მისივე განმარტებით, ასეთ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი კვლავ უწყვეტი პროტესტი რჩება. 

დღითიდღე "ქართული ოცნება" შეეცდება, რომ უფრო მეტი ადამიანი დააშინოს, დააშანტაჟოს, დასაჯოს, იმიტომ რომ, როდესაც უშვებენ შედარებით თამამ ადამიანებს, რომლებიც არიან დასაქმებული საჯარო სამსახურში, ეს არის ბუნებრივი სიგნალი სხვებისთვის. მაგრამ ამაზე პასუხი არის ისევ და ისევ ჩვენი პროტესტი. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ამ პროტესტში, უფრო შეეშინდება რეჟიმს ამ უსამართლობის ჩადენა. რაც უფრო დავცოტავდებით, უფრო გაუადვილდება ამ ნაძირალა საქმეების ჩადენა", - ამბობს ლაშა ბუღაძე.

საჯარო მოხელეების წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება - საჯარო დადგენილების თანახმად, 17 მარტიდან თბილისის მერიაში მინიმუმ 17 ადამიანით ნაკლები იმუშავებს. საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ, 17-მა ადამიანმა შემთხვევით გაიგო, რომ მერიაში აღარ მუშაობს. ზოგიერთ მათგანს მიზეზად შტატების შემცირება დაუსახელეს. ნაწილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არც კი გააფრთხილეს, ამიტომ იძულებულები დარჩნენ საკუთარი სახელები და გვარები საშტატო ნუსხის დოკუმენტში მოეძებნათ. 

გათავისუფლებული თანამშრომლები საჯარო მოხელეების განცხადების ხელმომწერები არიან. ისინი "რეორგანიზაციას" მხოლოდ იმას უკავშირებენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, კონსტიტუციის ერთგულები დარჩნენ და ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე დადგნენ.