თვალთვალი გიორგი ჩიკვაიძეზე - ბიზნესმენი კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს

ინტერვიუ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძესთან, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს მის წინააღმდეგ დემონსტრაციული დევნის დაწყებაში ადანაშაულებს - გიორგი ჩიკვაიძე "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მასსა და მის ბიზნესპარტნიორს უთვალთვალებენ.
"ჩემი სახლის გარეთ ერთი მანქანა ერთ მხარეს დგას, მეორე მანქანა მეორე მხარეს. შიგნით მოთავსებულ პირებთან როდესაც გასაუბრების მიზნით მივდივარ, სახეზე ხელს იფარებენ და მანქანით ლოკაციას იცვლიან" - ამბობს გიორგი ჩიკვაიძე.
ბიზნესმენი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, იმასაც ამბობს, რომ გარკვეული ადამიანები მის ტელეფონს "აზიან" - "პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში უყურებენ, რას ვაკეთებ გუგლის საძიებო სისტემაში, უყურებენ აპლიკაციებსაც".
ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩემი სახლის გარეთ ერთი მანქანა ერთ მხარეს დგას, მეორე მანქანა მეორე მხარეს... ასევე ჩემ საქმიან პარტნიორს, რომელიც ჩვენი მანქანით გადაადგილდება, დემონსტრაციულად დასდევს მანქანა. სახლში რომ ბრუნდება, მისი მანქანის გვერდით აჩერებს. შიგნით მოთავსებულ პირებთან როდესაც გასაუბრების მიზნით მივდივარ, სახეზე ხელს იფარებენ და მანქანით ლოკაციას იცვლიან. გუშინ წინ იყო ფაქტი, როდესაც მარკეტში რაღაცას ვყიდულობდით და ორი ახალგაზრდა ჩართული ტელეფონებით გვედგა ორივე მხარეს. ასეთი დემონსტრაციული დევნა მე არ მახსენდება.
ჩემს ტელეფონზე წვდომა მივეცი გავლენიან ევროპულ კომპანიას, რომელიც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს. ბოლო 12 საათის მონაცემებით, ისინი პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში უყურებენ, რას ვაკეთებ გუგლის საძიებო სისტემაში, უყურებენ აპლიკაციებს. სჯობს, ეს მინიმალური რესურსი, რასაც ხარჯავენ, მნიშვნელოვან საქმეებს მოახმარონ. ქვეყანა აღარ არსებობს. ჩვენ გვაქვს კლასიკური დიქტატურა.
"პირველებმა" უშუალოდ იმ ადამიანებთანაც სცადა გასაუბრება, რომლებიც გიორგი ჩიკვაიძის სახლთან, 30 მეტრის მანძილზე, დაბურული მინებით იდგნენ, თუმცა კამერის გამოჩენის შემდეგ, მოცემულმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ივანიშვილის გუნდს რეკეტსა და "ბიზნესის ახევის" ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
- 2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“, მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
მისივე ცნობით, "2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა". დავალებაზე უარის თქმის შემდეგ მასზე "ზეწოლა" მოხდა, რასაც საბოლოოდ მის მიმართ საქმის აღძვრა მოყვა.
პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.