ბოლო თავი არ გადამიშლია, ამას სასამართლოს დასკვნითი ეტაპისთვის შემოვინახავ - გიორგი ჩიკვაიძე
გიორგი ჩიკვაიძე რეჟიმს მხილების სერიას უანონსებს - ბიზნესმენი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ "ბოლო თავს სასამართლოს დასკვნით ეტაპზე გადაშლის" და ბიძინა ივანიშვილის "გააშიშვლებს".
"არაერთი ქმედება იქნება, რომელიც დიდ სილას გაარტყამს ამ რეჟიმს" - ამბობს გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ იქამდე, სანამ თავისუფლებაზე იქნება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "ივანიშვილი მთელი ერის წინაშე ამხილოს".
არაერთ ფაქტში ვამხილეთ ჰეროდე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების თავის არიდების ნაწილში მონაწილეობის მიღებას გვაიძულებდა. შემდეგ იყო ცოლ-ქმარი კრუშანოვების ამბავი, რომელთანაც გვატანდნენ გაურკვეველ ნივთიერებებს და ამის კეთებას გვაიძულებდნენ. შემდეგ გაირკვა, რომ კრუშანოვები უფრო ღრმად არიან ამ ქვეყანაში ინტეგრირებულები. მეტიც, არსებობს ეჭვები, რომ ეს ადამიანი რუსეთის დაზვერვის სამსახურს წარმოადგენს, რომელიც ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე თვეა საქართველოშია.
მინდა ერთი რამ ვთქვა, ამას ვამბობ სისტემის გასაგონად, ბოლო თავი არ გადამიშლია. ამას ჩვენი დასკვნითი სასამართლოს ეტაპისთვის შემოვინახავ. არ მგონია, რაიმე რადიკალურად შეცვალოს, თუმცაღა თუ ისინი არიან ჩვენი განწირვისთვის მზად, მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ სანამ თავისუფლებაზე ვართ, ეს ადამიანი (ივანიშვილი) მაქსიმალურად იყოს მხილებული მთელი ერისა და მსოფლიოს წინაშე. ჩემი ინფორმაციით, არაერთი ქმედებები იქნება, რომელიც დიდ სილას გაარტყამს ამ რეჟიმს". - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ივანიშვილის გუნდს რეკეტსა და "ბიზნესის ახევის" ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
- 2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“, მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
მისივე ცნობით, "2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა". დავალებაზე უარის თქმის შემდეგ მასზე "ზეწოლა" მოხდა, რასაც საბოლოოდ მის მიმართ საქმის აღძვრა მოყვა.
პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.