უნდა მეთქვა, რომ იქ შემოდის იარაღი - ქვეყნიდან გაქცეული მოქალაქე ამბობს, რომ ოპოზიციის ცრუ დასმენას აიძულებდნენ
სკანდალური ინტერვიუ აქციების მონაწილესთან, რომელმაც ქვეყანა დატოვა და საქართველოში აღარ იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი კუხალეიშვილი "შაბათის ეთერთან" ჰყვება, როგორ აიძულებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მათი საიდუმლო აგენტი გამხდარიყო. საჯაროდ, სამთავრობო ეთერით პროევროპული აქციების მონაწილეები გაეშავებინა.
აგვისტოს ომის მონაწილე პირდაპირ ამბობს, რომ რეჟიმმა იძულებული გახადა, ქვეყნიდან გაქცეულიყო. ემიგრაციაში წასული 5 შვილის მამა "ტვ პირველთან" ამტკიცებს, რომ მას პოლიციის განყოფილებაში სთხოვდნენ, საკუთარ თავზე აეღო მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე განხორციელებული თავდასხმა. მისივე მტკიცებით, უნდა ეთქვა, რომ ესეც "აქციის ორგანიზატორებმა" დაუკვეთეს.
მითხრეს, უბრალოდ შენ შეაგინე ოპოზიციურ პარტიებს, თქვი, რომ იქ შემოდის იარაღი, შენ იქ ყველაფერში გაგარკვევენ და ჩათვალე შენზე პოპულარული არავინ არ იქნება"- აცხადებს აქციის მონაწილე.
ორგანიზაცია „ქართველთა ერთობის" დამფუძნებელი გიორგი კუხალეიშვილი ამბობს, რომ 11 დეკემბერს , როცა ის სახლში ბრუნდებოდა, ოთხმა აგრესიულმა პირმა გააჩერა, ჯერ ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს, შემდეგ კი კი მობილური ტელეფონები ჩამოართვეს.
- "შაბათის ეთერის" რესპონდენტის მონაყოლის თანახმად, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში ავტოსადგომზე ის, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა თავზე შავი ტომარა ჩამოაცვეს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და თან ფოტოებს უღებდნენ.
- აგვისტოს ომი მონაწილე, იხსენებს, რომ პოლიციაში მისი დამცირება, იძულება და ფიზიკური ანგარიშსწორება რამდენიმე საათს გაგრძელდა. შედეგი რომ ვერ მიიღეს, კუხალეიშვილი ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს.
მისი თქმით, მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა დეტექტივების სამმართველოს შეფის და არაერთ სკანდალში გახვეული იოსებ სიგუას კაბინეტში გაგრძელდა.
გიორგი კუხალეიშვილი ამტკიცებს, რომ იოსებ სიგუასთან ერთად ქალაქის პოლიციის შეფის მოადგილე კახა მურადაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც მას "ტვ პირველის" ჟურნალისტზე, მაკა ჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე თავდასხმის აღიარებას სთხოვდა, თავდაცვის ყოფილი თანამშრომლის მტკიცებით, პოლიციის მაღალჩინოსანი სთავაზობდა პირობებსაც თუ სამთავრობო არხებთან იტყოდა, რომ ამ უმძიმეს დანაშაულთან შეხება რეჟიმის უკვე ამოცნობილ „ტიტუშკებს" არ ჰქონიათ და თითქოს თავდასხმა ოპოზიციის დაგეგმილი იყო.
რამდენიმე საათიანი ზეწოლის და ფსიქოლოგიური ტერორის მიუხედავად, აღიარებითი ჩვენება ყოფილი ჯარისკაცისგან პოლიციამ ვერ მიიღო. საბოლოოდ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 7 დღიანი პატიმრობის შემდეგ კი გიორგი კუხალიშივლის პირადი ნივთები გაქრა. საბოლოოდ კი უთხრეს, რომ მის წინააღდმეგ სისხლის სმაართლის საქმე იყო აღძრული და ტელეფონებს ვეღარ მიიღებდა.