თეატრალურიდან პროტესტის მონაწილე ახალგაზრდების გაშვებას მოტყუებით ცდილობენ - შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყეს
რეჟიმი უნივერსიტეტების პროტესტის მონაწილე სტუდენტებისგან დაცლას მოტყუებით ცდილობს. თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც უწყვეტი პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები ორ თვეზე მეტია ღამეებს ათენებენ, დღეს ტერიტორიის შესაწამლად ისე შევიდნენ, რომ არავინ გაუფრთხილებიათ. ევროპული მომავლის მცველ ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ დეზინფექცია უნდა ჩატარდეს, რის გამოც შენობა უნდა დაიცალოს და ტერიტორიიდან პროტესტისთვის საჭირო ყველა ნივთი უნდა გაიტანონ.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ახლა მოლოდინის რეჟიმში არიან, რადგან არ იციან, რას მოიმოქმედებს მათ წინააღმდეგ ადმინისტრაცია. ახალგაზრდების თქმით, მათ ისიც კი უთხრეს, რომ თუკი შენობას არ დატოვებდნენ, ადგილზე საპატრულო პოლიციას გამოიძახებდნენ.
ერთი კვირის წინ რომ მოვიდნენ შესაწამლად, დაიწყეს შეწამლა ქვედა სართულის და ჩვენ არ გავდიოდით სივრციდან, რადგან ცოტა კომიკურიც არის, რომ რწყილების მიზეზით ცდილობენ ჩვენს აქედან გაყრას. რეალური მათი მიზანი ეს არის, ამას ვერ მალავენ. 84 დღეა უნივერსიტეტში ვართ და ჩვეულებრივად გვეძნა ლეიბებზე, სრულიად გაუფრთხილებლად მოვიდნენ, დაიწყეს ქვედა სართულების შეწამლა და ჩვენ ასე გაგვაღვიძეს, რომ ახლა ადექით და გადის სივრციდან. უკვე სუნი იდგა და შეწამლის პროცესი დაწყებული იყო. არ უნდათ ჩვენთან დიალოგში შემოსვლა. რომ ვეუბნებით, რომ ჩვენ ჩავალთ იქ და თქვენ აქ შეწამლეთ, ამის საშულებას არ გვაძლევენ და 4 დაცვა კიბეზეა გამაგრებული, რომ ჩვენ მხოლოდ აქ გვქონდეს გამოსასვლელი, - ამბობს პროტესტის მონაწილე სტუდენტი.
მუქარების მიუხედავად, სტუდენტები სასწავლებლის შენობაში რჩებიან და პროტესტს აგრძელებენ. ახალგაზრდების თქმით, იციან, რომ თუკი შენობას დატოვებენ, მათ კარს ჩაუკეტავენ და შენობაში პროტესტის გაგრძელების საშუალებას აღარ მისცემენ.