თბილისში, ბელიაშვილზე იარაღიდან ნასროლი ტყვიები საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრებს მოხვდა

10.03.25 10:25
თბილისში, ბელიაშვილზე იარაღიდან ნასროლი ტყვიები საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრებს მოხვდა

თბილისში, საცხოვრებელ სახლებში ბრმა ტყვიები შევარდა. შემთხვევა ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. სავარაუდოდ, რესტორნიდან ნასროლი ტყვიები მე-14 და მე-16 სართულებზე მდებარე სახლების სამზარეულოებში შევარდა.

ადგილობრივების თქმით, დაახლოებით ღამის 22:30 საათზე 5 გასროლის ხმა გაიგეს. მომხდარის შესახებ ერთი ადგილობრივი საოციალურ ქსელშიც წერს.

ბელიაშვილის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის, საიდანაც სროლამდე ნახევარი საათით ადრე გამოვედი, მეთოთხმეტე და მეთექვსმეტი სართულის ბინებს ქუჩიდან ნასროლი ტყვიები მოხვდა.                                       
ქვეყანაში მშვიდობაა არნახული!, - წერს ადგილობრივი. 

დაზარალებულები ახლა გამოძიებას და დამნაშავეების იდენტიფიცირებას ელოდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ არ ამბობს, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც საფრთხეე შეუქმნეს კორპუსის მაცხოვრებლებს და ხომ არ არიან ისინი პოლიციელები. 

აღსანიშნავია, რომ შენობაში, რომელსაც წუხელ ტყვიები მოხვდა, გიორგი გახარიას პარტიის ოფისიცაა. 

"პირველებს" საცხოვრებელი კორპუსის დაცვა ამბობს, რომ ადგილზე პოლიცია იყო მისული და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. 

რაც შეეხება რესტორნებს, დაცვის სამსახურები აბობენ, რომ ცვლაში დღეს დილით მივიდნენ და არ აქვთ ინფორმაცია, იყვნენ თუ არა ადგილზე გამომძიებლები.