"დავიწყებ ამ ადამიანების დაკავებას და დემონსტრაციულად გადმოგცემთ" - ჩიკვაიძე გომელაურს და ლილუაშვილს მიმართავს

დაუსრულებელი თვალთვალის ქრონიკები - გიორგი ჩიკვაიძე დღესაც სუსის ინტერესის ობიექტია. ბიზნესმენმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ამჯერად ავტომობილთან გამოიჭირა.
უპრეცედენტო ტერორის ფონზე დუმს გომელაურის უწყება, ამიტომ ჩიკვაიძემ გამოსავალი მოიფიქრა: სუსის აგენტებს თავად დაიჭერს და პოლიციას ჩააბარებს. "პირველებთან" ინტერვიუში გიორგი ჩიკვაიძემ თქვა, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მას ბოლო დღეებია უთვალთვალებენ, შეიარაღებული დადიან.
40 მანქანა და 64 კაცი გუშინ დღის განმავლობაში დამდევდა. ახლა მინდა, მივმართო ბატონ ლილუაშვილს და ვახტანგ როდიონოვს, იგივე გომელაურს, დღეს დავიწყებ ამ ადამიანების დაკავებას დემონსტრაციულად და გადმოგცემთ თქვენ. ანუ რომ დავაკავებ, მერე გამოვიძახებ პატრულს და თქვენ გაარკვიეთ, ეს ადამიანები ვინ არიან, იმიტომ, რომ მე ამ ადამიანებზე განცხადება არ გამიგია. ეს ადამიანები არიან ნიღბებით, კვეთენ ჩემს კერძო საკუთრებას და დღეს დილით რაც მოხდა, ჩემი მანქანის საბურავებთან რაღაცას აკეთებდნენ. მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება გარკვეული პროვოკაციები. გუშინ სანზონაში, ალბათ ნახავთ კამერებში, ერთ-ერთმა მათგანმა გადმოგვიღო იარაღი მანქანიდან. თუ კანონიერია, გამოდით და მითხარით, ეს ადამიანები ვინ არიან ან რატომ გარბიან, როდესაც ჩვენ მათ იდენტიფიცირებას ვახდენთ?
მინდა, მივმართო ტელევიზიის საშუალებით ჩემს მოსამართლეს, ქალბატონ იზა კელენჯერიძეს, 25 მარტს წარმოგიდგენთ 26 შუამდგომლობას, რაც ვიცი, რაც გუშინ მოხდა და ამის იქით კიდევ რაც დაემატება, იდენი შუამდგომლობით მოვალ, - ამბობს ჩიკვაიძე.