რატომ არ ვრცელდება FARA სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე და როგორია მისი გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში - SJC-ის შეფასება
რატომ არ ვრცელდება FARA სამოქალაქო და მედიაორგანიზაციებზე, ასევე, როგორია მისი გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში - სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეფასებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ამერიკული კანონის - "უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - შემოღებას სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს.
ორგანიზაციის განცხადებით, 1938 წელს FARA-ს მიღების კონტექსტი, ევოლუცია და მისი გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ FARA არა ავტონომიური საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობას არეგულირებს.
საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები FARA-ს „აგენტის“ დეფინიციაში იმიტომაც ვერ მოექცევიან, რომ ისინი მრავალფეროვანი წყაროებიდან დაფინანსების გამო ვერ აკმაყოფილებენ კანონის ერთ-ერთ კრიტერიუმს — რომელიმე წყაროდან სრულად ან დიდწილად დაფინანსების შესახებ. სასამართლო საქმეებიც, რომლებიც FARA-ს ამა თუ იმ ასპექტის კონსტიტუციურობას განიხილავდა, ადასტურებს, რომ კანონს ვიწრო მიზანი და რეგულირების სფერო აქვს.
FARA-ს მიზანია გააკონტროლოს უცხოური ძალის პირდაპირი გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს”.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ის ფაქტი, რომ FARA-ს განჭვრეტადობასა და მსუსხავ ეფექტზე ამერიკის უზენაეს სასამართლოს მსჯელობა არც კი მოსწევია, შემდეგი მიზეზებით აიხსნება:
- დიდი ხნის განმავლობაში (1960-იანი წლებიდან 2016 წლამდე) კანონის ფაქტობრივი აღუსრულებლობა;
- კანონის რეგულირების ვიწრო სფერო და მიზანი;
- დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა;
- ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე პოლიტიკური და სამართლებრივი კონსენსუსი.
საქართველოში კი პირიქით, FARA-ს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მტრულად განწყობილი პოლიტიკური კულტურა, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლების იდეალებისგან დაცლილი „მიტაცებული“ სასამართლო ხვდება”.
მათი განცხადებით, კრიმინალიზების მანდატით აღჭურვილი FARA-ს შემოღება ქართულ რეალობაში აბსოლუტურად განსხვავებული შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ის არის აშშ-ში.
ვრცლად შეფასებას იხილეთ ბმულზე.