იარაღით თარეში თბილისის ქუჩებში - ვინ შეუქმნა მინიმუმ ორი ოჯახის სიცოცხლეს საფრთხე

10.03.25 20:52
იარაღით თარეში თბილისის ქუჩებში - ვინ შეუქმნა მინიმუმ ორი ოჯახის სიცოცხლეს საფრთხე

იარაღით თარეში თბილისის ქუჩებში. ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ბრმა ტყვია ბინებში შევარდა. დაზიანდა სამზარეულოს ფანჯრები. ხალხი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, რადგან სროლის მომენტში მობინადრეები სხვა ოთახში იყვნენ. 

სროლა ბელიაშვილზე, დაახლოებით, 11-ის ნახევარზე დაიწყო. მჭიდრო დასახლებულ უბანში ხალხმა 5-ჯერ გასროლის ხმა გაიგო. ორი ტყვია საცხოვრებელი კორპუსის ორ ბინაში შევარდა - მე-14 და მე-16 სართულებზე. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ერთ-ერთ ბინაში არასრულწლოვანებიც ცხოვრობენ.

ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები ორმაგი მინისგან არის დამზადებული. მე-16 სართულზე ტყვია სწორედ ფანჯარაშია გაჭედილი, მე-14 სართულზე კი გამჭოლია და ტყვია ბინაში შევარდა. დღეს დილიდან კორპუსში ხელოსანი დაიბარეს და გეგმავენ, რომ გაბზარული მინები გამოცვალონ. უცნობია, დაელოდებიან თუ არა კრიმინალური პოლიციის მისვლას, რომ მათ ტყვია ექსპერტიზაზე გადაიტანონ.

ვინ ისროლა ბელიაშვილზე 5-ჯერ? – პოლიციას კერძო საკუთრებებიდან ვიდეოჩანაწერები არ ამოუღია. საცხოვრებელი კორპუსის მოპირდაპირე ქუჩა სავსეა რესტორნებით. ადგილობრივებს გაუჩნდათ ეჭვი, ხომ არ ისროლეს რესტორნიდან გამოსულმა მოქალაქეებმა, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსის მისამართით. წისქვილი, ლუდის მოედანი, თეატრი - ეს რესტორნები სწორედ საცხოვრებელი კორპუსის წინაა. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დაზუსტებით ვერ გვეუბნებიან, იყვნენ თუ არა მათთან პოლიციელები.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.