"სოლიდარობა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს" - თბილისში მარში მიმდინარეობს
"სოლიდარობა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს" - ამ წუთებში თბილისში გაერთიანებული მარში მიმდინარეობს. ილიაუნის სტუდენტები, რომლებსაც მარშით საზოგადოებრივი მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდნენ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
"არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა" - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც რეჟიმის პატიმრებს გათავისუფლებას და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ახალგაზრდების მთავარი სათქმელია, რომ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სტუდენტები იდგნენ ერთად და თვითგამოცხადებულ მთავრობას დაუპირისპირდნენ.
გუშინ ვნახეთ პოლიციის ხელით, როგორ დააჯარიმეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, მხოლოდ იმის გამო, რომ დახურულ შენობაში მოაწყვეს აქცია. ეს არის შეზღუდვები არალეგიტიმური მთავრობის მიერ. ჩვენ დღეს სიმბოლურად შენობაში, ისე რომ ნებართვა არ გვითხოვია არავისთვის, ვთქვით, რომ არ ვემორჩილებით არალეგიტიმური მთავრობის არცერთ კანონს. მნიშვნელოვანია ჩვენი პროტესტი. ახლა იწყება ყველაფერი, ამას ჩვენ არ ვაპატიებთ", - ამბობს ერთ- ერთ სტუდენტი
მანამდე, ილიაუნის სტუდენტები სასწავლებლის შენობაში იყვნენ და ამ ფორმით რეჟიმს მიმართეს, რომ ჯარიმების არ ეშინიათ, შემდეგ მათ მსვლელობით თეატრალურ უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს და სოლიდარობა გამოუცხადეს სტუდენტებს.
შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.