"სულ მარტოს რომ მომიწიოს, მაინც არ შევწყვეტ ბრძოლას, არ და ვერ შევეგუები უსამართლობას"- სინდისის პატიმრის წერილი ციხიდან

10.03.25 22:48
"სულ მარტოს რომ მომიწიოს, მაინც არ შევწყვეტ ბრძოლას, არ და ვერ შევეგუები უსამართლობას"- სინდისის პატიმრის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარმა, ირაკლი ქერაშვილმა ციხიდან დედას წერილი გაუგზავნა - გისოსებს მიღმა გამოკეტილი კაცი წერს, რომ ბრძოლა გრძელდება და არ გაჩერდება იქამდე, სანამ "სამართალი პურს არ შეჭამს".

"სულ მარტოს რომ მომიწიოს, მაინც არ შევწყვეტ ბრძოლას, არ და ვერ შევეგუები უსამართლობას! მხნეობა არ დაკარგო, გაძლიერდი და გამაგრდი"- ნათქვამია წერილში.

დედა, ალბათ ამ წერილს რომ კითხულობ, მე დამტოვეს პატიმრობაში და დამწუხრებული ხარ. მინდა გთხოვო, ნუ იქნები მწუხარე და იყავი მხნედ! შენ ხარ მსოფლიოსა და სამყაროში საუკეთესო დედა!

ეს ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება, მახარებს, ვინაიდან უდიდესი ჯილდოა პატრიოტი ადამიანისთვის სამშობლოსთვის ტყვეობა და ეს იშვიათი ხვედრია! მინდა შენც ასე შეხედო. ადამიანები კვდებიან და მსგავს პატივს, რაც სამშობლოსთვის ტყვეობაა, ვერ იღებენ!

მადლობა, რომ ხარ საუკეთესო და ყველაზე ძლიერი დედა.

მადლობა, რომ ყველაფერს აკეთებდი და აკეთებ, რომ ჩვენ უდარდელი და უზრუნველი ცხოვრება გვქონოდა! 

მე ქუჩაში ვიდექი და ვაპროტესტებდი იმ რეალობას, რომელშიც ღორმუცელა ჩინოვნიკები არხეინად ცხოვრობდნენ ჩვენი ფულით, იმ ფულით, რომელსაც შორს გადახვეწილი ემიგრანტი დედები შოულობთ და გვიგზავნით აქ მყოფ შვილებსა და ოჯახებს!

ჩემი ბრძოლა გრძელდება და არ გავჩერდები სანამ არ გავიმარჯვებთ და სანამ სამართალი პურს არ შეჭამს! ხომ იცი, უსამართლობას ვერ ავიტან! სულ მარტოს რომ მომიწიოს, მაინც არ შევწყვეტ ბრძოლას, არ და ვერ შევეგუები უსამართლობას!

ამ წერილს გწერ 3 მარტს, დედის დღეს. მხნეობა არ დაკარგო, გაძლიერდი და გამაგრდი.

გავიმარჯვებთ სახელოვნად! მიყვარხარ! 

შენი ნაციხარი შვილი, ირაკლი ქერაშვილი", - წერს რეჟიმის პატიამრი. 

მსგავსი სიახლეები