"მითხრეს, ერთ საათში ჩვენს ხელში ხარო" - გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოშია

დაადებენ თუ არა ხელბორკილებს რეჟიმის მოწინააღმდეგე ბიზნესმენს სხდომათა დარბაზში? საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაძის და მისი ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ჩიკვაიძეც, რომელმაც პროცესზე შესვლამდე "პირველებთან" განაცხადა, რომ გზაში მის მიმართ მუქარა განხორციელდა.
"11 მანქანა მოგვაცილებდა, ერთ-ერთმა პირუტყვმაშუშა ჩამოწია და მითხრა, ერთ საათში ხომ ისედაც ჩვენს ხელში ხარო"- ამბობს ჩიკვაიძე.
- პროკურატურა ჩიკვაიძის დაკავებას ითხოვს. გაბიტაშივილის უწყებამ მოსამართლე იზა კელენჯერიძეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მოულოდნელად გუშინ მიმართა.
დღეს პროკურატურის ახალი თეორიის შესახებ გახდა ცნობილი, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ გიორგი ჩიკვაიძე ხშირად გადაადგილოდებოდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან, ასევე არ ცხადდებოდა სასამართლოში. პროკურატურა ირწმუნება, რომ სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენისთვის საპატიმრო გირაოს შეცვლა მოითხოვეს.
ბიზნესმენის შეფასებით კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი ისაა, რომ 48 საათში 114 გაურკვეველი პირი გამოავლინა.
11 მანქანა მოგვაცილებდა საგურამოდან სასამართლომდე, ოღონდ ეს უკვე აღარ იყო მოშორებით, ამოუდგნენ, ბლოკი გაუკეთეს ჩვენს მანქანას. ერთ-ერთმა პირუტყვმა ისიც იკადრა, შუშა ჩამოწია და მითხრა, ერთ საათში ხომ ისედაც ჩვენს ხელში ხარო და ჟესტიკულაციით გამოხატავდა კიდევ აგრესიას. ბრალი გავქვს წაყენებული თანხის მითვისებაზე, მითვისება რაინაირად გამოდის, მაშინ მე უნდა ვყოფილიყავი მინიმუმ ელგუჯა თურმანიძე. არაუშავს, იქიდანაც არ შევწყვეტ მოქმედებას. ისეთი სტრატეგია გვაქვს, რომ უფრო მეტსაც გავაკეთებ", - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.
ჩიკვაიძესთან ერთად სასამართლოში იმყოფება მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილიც.
არც კი გამოვუკითხივარ. დღეს თავს ვგრძნობ საკმაოდ ძლიერად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეჟიმი ძალიან მალე დაემხობა. სახელმწიფო მედავება, რომ ჩემს თავს მოვპარე თანხა. მაგრამ, ჩემზე და გიორგიზე საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, ორი ფურცელია მხოლოდ - ადამიანს ვეუბნები "ჩამოგიყვან იახტასთქო, იახტები ჩამომყავდა და აბა სხვა რა უნდა მეთქვა". - ამბობს პაპიაშვილი.
ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვთ შეფარდებული, ასევე საზღვრის კვეთის აკრძალვა აქვთ.
ჩიკვაიძე ფიქრობს, რომ დააპატიმრებენ. ცნობისთვის, ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ მას სუს-იდან უთვალთვალებენ. ამასთან, ჩიკვაიძე იმასაც ამბობს, რომ „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, ასევე შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მამხილებელ მასალას გაასაჯაროებს.