ჩიკვაიძე: 6-7 მარტს, სართიჭალაში ნათესავთან ვიმყოფებოდი, რომ ბაირამის დღესასწაულის აღსანიშნავად საჩუქარი ჩამეტანა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით გიორგი ჩიკვაიძე პირველ განმარტებას აკეთებს - დღეს ბიზნესმენმა სასამართლოში განაცხადა, რომ 6-7 მარტს, სოფელ სართიჭალაში (რომელიც სადახლოს გამშვებ პუნქტთან სიახლოვეს მდებარეობს) ბაირამის დღესასწაულის აღსანიშნავად, ნათესავთან საჩუქრის ჩასატანად იმყოფებოდა.
ჩიკვაიძე ამბობს, რომ შეუძლია ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოს წარდუგინოს. მისი თქმით ნათესავს სახლში კამერები აქვს.
- პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიორგი ჩიკვაიძე სადახლოს გამშვებ პუნქტთან სიახლოვეს იმყოფებოდა, რაც ბრალდების მხარის თქმით, შესაძლოა, მიმალვის განზრახვას უკავშირდებოდეს.
6-7 მარტს ვიყავი სოფელ სართიჭალის ცენტრში, ოჯახში, რომელსაც დავუნათესავდი და ყოველ წელს ჩამაქვს საჩუქარი. ბაირამი დაიწყო ამ პერიოდში და ჩავიტანე საჩუქარი.
4 ივნისის შემდეგ გასული ვიყავი ქალაქგარეთ, სოფელ სართიჭალის ცენტრში, რომ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმეტანა ეს საჩუქარი და ერთ საათში უკან წამოვედი. ახლა გამახსენდა, რომ იმ ოჯახში სადაც ვიყავი კამერებიც აყენია და შემიძლმია წარმოვადგინო"- თქვა ჩიკვაიძემ.
ბიზნესმენმა სასამართლოს ასევე უთხრა, რომ 2 წლის განმავლობაში არცერთხელ არ უცდიათ მას და მის ბიზნესპარტნიორს, ქვეყნის დატოვება, მაშინაც კი როცა საზღვრის კვეთა შეზღუდული არ ჰქონდათ.
ეს პროცესი მიმდინარეობს თითქმის 2 წელია. მაშინაც, როცა ჩვენ არ გვქონდა შეზღუდული საზღვრის კვეთა და გვქონდა უამრავი საქმე ევროპაში, მე ირაკლის ვუთხარი, რომ არ გავიდეთ ქვეყნიდან, რადგან ჩვენ გვაქვს დასამტკიცებელი ჩვენი სიმართლე", - თქვა ბიზნესმენმა.
მანამდე ჩიკვაიძემ სხდომთა დარბაზში საქმის აბსურდულობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის შურისძიების მსხვერპლია.
ასევე ბიზნესმენმა მიმართა მოსამართლე იზა კელენჯერიძესაც და ის პროკურატურასთან გარიგებაში დაადანაშაულა.
ამ საქმეს აქვს თავისი პრეისტორია, რომელიც გადის ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, მის მხილებაზე. მის არაკანონიერ, არასახელმწიფო დავალებებზე ჩემს მიმართ, როგორიც იყო რუსი ოლიგარქების ხელისშეწყობა სანქციების თავსი არიდების ნაწილში.
ასევე, მე თითქმის ყოველ დღე ვარ სხვადასხვა გადაცემაში, სადაც გამოვხატავ ჩემს აზრს თქვენს მიმართ, ბატონო მომსაართლე, იმ ეჭვებს, რომელიც მიჩნდება. არასოდეს არ ხდება ისე, რომ მე ვაკეთებდე რაიმე შეფასებას, რასაც შეიძლება ვაკეთებდე და სინდისის ხმა არ მუებნებოდეს, სწორი ვარ თუ არა მე და ამაზე ხშირად მომისმენია თქვენგან, რომ ეს ასე არ არის. მე ხომ მაქვს უფლება მქონდეს საფუძვლიანი ეჭვი გარკვეული საკითხების, რომ თქვენ ხართ პროკურატურასთან ერთად გარიგებული ამ საქმეში. ჩემი აზრით, დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილება იქნება მთელი ერის წინაშე ამის ძალიან მკაცრი ტესტი.
4 დღეა თქვენო ღირსებავ, 114 ადამიანი და 87 მანქანა მყავს იდენტიფიცირებული... ჩემზე არნახული ზეწოლა მიმდინარეობს. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაგრამ ადამიანურად გთხოვთ, ამ პროცესის განვითარების დინამიკას დააკვირდეთ, რომ ეჭვი არ მქონდეს, თქვენ გარიგებული არ ხართ", - განაცხადა ჩიკვაიძემ.
ასევე ნახეთ:
ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვთ შეფარდებული, ასევე საზღვრის კვეთის აკრძალვა აქვთ.