პროკურატურა თემურ ჯანაშიასთვის 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
საქართველოს პროკურატურა ე.წ. პიჯაკების საქმეზე თეიმურაზ ჯანაშიასთვის 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„თეიმურაზ ჯანაშიას ქმედება ნაცვლად გაფლანგვისა, შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს პროკურატურა, თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.