პროტესტმა შედეგი გამოიღო - ორ სტუდენტს პირველი არხის ეთერს დაუთმობენ

13.03.25 00:06
პროტესტმა შედეგი გამოიღო - ორ სტუდენტს პირველი არხის ეთერს დაუთმობენ

პროტესტმა შედეგი გამოიღო - საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი სტუდენტებიდან 2 ახალგაზრდას ეთერს დაუთმობენ. 

  • ამ დროისთვის უცნობია, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები პირველი არხის ეთერში დღეს ისაუბრებენ თუ მომდევნო დღეებში. 

"ჩვენ ვაპირებთ, რომ ვილაპარაკოთ ის სიმართლე, რაც რეალურად მოხდა" - ამბობენ სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შალუტაშვილს პირველი არხის ეთერის მეშვეობით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. 

ინფორმაცია ასე მოგვივიდა, რომ უნდა მოვიდეს ადმინისტრაციის წევრი ან ვინმე და ორ სტუდენტს შეგვიყვანენ და ეთერისთვის მზად არიან. ველოდებით, რომ შეგვიყვანონ. ორი სტუდენტი ვაპირებთ შესვლას, მე, თემო ვაჭარაძე და ნინია გოგია", - ამბობს თემო ვაჭარაძე.

ჩვენ ვაპირებთ, რომ ვილაპარაკოთ ის სიმართლე, რაც რეალურად მოხდა. გავახსენოთ ბატონ შალუტაშვილს ყველაფერი. მოვისმინოთ ის ტყუილები მისგან, რაც ილაპარაკა და ჩვენს წინ ილაპარაკოს ნამდვილად ესე იყო თუ არა", - ამბობს ერთ- ერთი სტუდენტი.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხმაური იყო - გიორგი შალუტაშვილის ეთერში სტუმრობის პარალელურად, პირველ არხთან შეკრებილი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ეთერის დათმობას ითხოვდნენ. 

შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.