"ჩინეთი სხვადასხვა ქვეყანაში შესვლას ეკონომიკური ინტერესით ცდილობს, შემდეგ გავლენას პოლიტიკაზეც ახდენს, ასე მოხდება საქართველოშიც" - გიგაური

"ჩინეთი სხვადასხვა ქვეყანაში შესვლას ეკონომიკური ინტერესით ცდილობს, შემდეგ გავლენას პოლიტიკაზეც ახდენს, ასე მოხდება საქართველოშიც" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განაცხადა.
ეკა გიგაურის შეფასებით, აუცილებელია, რომ ანაკლიაში დასავლური ინვესტიციები შემოვიდეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ დააზიანებს.
მათთვის უფრო კომფორტულია ამ ქვეყნებთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად ვხედავთ, ჩინეთი როგორ ცდილობს ხოლმე ეკონომიკური ინტერესებით შემოსვლას სხვადასხვა ქვეყნებში და ამის შემდეგ როგორ ერთვებიან პოლიტიკაში, გავლენას ახდენენ პოლიტიკაზეც. აშკარა მაგალითები სხვა რეგიონებში გვაქვს. ცხადია, რომ იგივე მოხდება საქართველოში. თუკი ვინმე ინვესტორი შემოვა ანაკლიაში, ის უნდა იყოს დასავლეთიდან შემოსული, რომლის თამაშის წესებიც ვიცით, რომელიც არ ჩაერთვება კორუფციაში და რომელსაც ისეთი ინტერესი არ ექნება, რომელიც დააზიანებს ჩვენს ქვეყანას". - განაცხადა ეკა გიგაურმა.
"ჩინური პორტის მშენებლობის გეგმები ყოფილი საბჭოთა ქვეყნის პოლიტიკაში არეულობას იწვევს" - ამ სათაურით The New York Times-ი სტატიას აქვეყნებს.
გავლენიანი გამოცემა წერს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემამ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ეტაპისთვის პორტს სახელი არ აქვს, თუმცა ქვეყნისა და მის ფარგლებს გარეთ დებატების საკითხია "რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენა და ქვეყნის კურსის დასავლეთიდან შემობრუნება".
ვრცელ სტატიაში ვკითხულობთ, რომ პორტის გარშემო შექმნილი ვითარებით ცხადი ხდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის რეგიონში მეტოქეობა იზრდება, თუმცა "რუსეთი, რომელიც ჯერ კიდევ მთავარ სავაჭრო პარტნიორად ითვლება საქართველოსთვის, შეიძლება პროექტის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი გახდეს".