მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს მტკიცებულებად სისხლის სამართლის საქმის მასალა დაურთეს

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს, მტკიცებულებად სისხლის სამართლის საქმის მასალა დაურთეს. საქმე ეხება "აჭარა თაიმსის" მიერ გადაღებულ ვიდეო კადრებს, რომელიც ასახავს მომენტს, როცა "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის მოტივით აკავებენ.
„აჭარა თაიმსის“ წარმომადგენელმა სულხან მესხიძემ პროცესზე დაადასტურა, რომ ვიდეოები გადაღებულია მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის დაკავების დროს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელი ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლებულია.
აქციაზე დავბრუნდი იმ დროს, როცა მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკვე დაკავებული იყო. ის უკვე გამოდიოდა და პირველი კომენტარიც გვქონდა. ადმინისტრაციული წესით დაკავების მომენტი ან მანამდე პერიოდი მასალაში არ არის ასახული, რადგან მე ამ დროს ვიმყოფებოდი ქობულეთის მუნიციპალიტეტსის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში. შსს-ს ისე დაურთო მტკიცებად ეს საბუთი, რომ მედიაორგანიზაციისთვის არც კი მოუმართავს. გამიკვირდა, რომ ეს კადრები იყო ამ საქმეში. ამ კადრებში ასახულია სისხლის სამართლის საქმის დაკავება, სადღაც ღამის 1 საათზე - 15 თუ 20 წუთი აკლდა. უკვე 12 რიცხვი იყო, იმიტომ, რომ პირველ დაკავებაზე არ ვიყავი. თან ამ კადრების ფაილს შეგვიძლია შევხედოთ, უნიკალური კოდი ხომ მოყვება, მისი დრო თარიღი და ა.შ. ", - ამბობს მესხიძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება. მოსამართლის თანდასწრებით მოწმეეები იკითხებიან. დღის ბოლომდე სინდისის პატიმარი ჟურნალისტის უფლებადამცველებს 12 მოწმე ჰყავთ გამოსაკითხი. ეს ის ადამიანები არიან, ვინც 12 იანვრის საღამოს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას ესწრებოდნენ და პირადად შეესწრნენ ჟურნალისტის ადმინისტრაციული წესით დაკავებას.
მოწმეები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
დავინახე მზია ამაღლობელი, რომელიც დამხმარე ნაგებობის კედელზე აკრავდა პლაკატს, როდესაც პლაკატი გააკრა, გამოვიდა ჭიშკრიდან გრიგოლ ბესელია, მოკიდა მზია ამაღლობელს ხელი და შეიყვანა პოლიციის დეპარტამენტის ეზოში. ამის შემდეგ მე დავიწყე ძახილი - მზია ამაღლობელი დააკავეს", - აცხადებს ერთ-ერთი მოწმე.
"შევესწარი იმ მომენტს, როცა მზია ამაღლობელი შეჰყავდათ ჭიშკარში, ვიღებდი კიდეც ამ მომენტს და გავიგონე ვიღაცის ხმა, რატომ დააკავეს ეს ქალბატონიო და 150-ე მუხლით დავიჭირეთო, ირაკლი დგებუაძის ხმა იყო, სახელმწიფო შენობაზე სტიკერის გაკვრის გამოო", - ამბობს მოწმე.
ადვოკატები ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ის არა პოლიციელის შეურაცხყოფის, არამედ შენობაზე სტიკერის მიკვრის გამო დააკავეს და ამას ადასტურებს ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორც ამაღლობელის ქმედება, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ნათქვამი, რომ ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევისთვისაა დაკავებული.
ადვოკატები აცხადებენ, რომ 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არაა. სწორედ ამიტომ ჩაიწერა ოქმში 173-ე მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შეიქმნა. ადვოკატები ხაზს უსვამენ, რომ მზია ამაღლობელს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არც წინააღმდეგობა გაუწევია და ეს დასტურდება ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეოებითაც.